პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თითქმის 2 თვეა, რაც „რუსთავი 2“-ზე „პრაიმ ჰაუსი“ დაიწყო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რეალითი შოუ ყველა რეიტინგს ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს თითქმის, 24 საათის განმავლობაში შეუძლია თვალი ადევნოს მონაწილეების ცხოვრებას, მაინც არის გარკვეული დეტალები, რომელიც კადრში ვერ ხვდება, თუმცა, საზოგადოების დიდ ინტერესს წარმოადგენს.
„პრაიმტაიმი“ მორიგ ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ პროექტის ერთ-ერთ მონაწილე სალომე კაპანაძესთან, რომელიც გასულ კვირას აუტსაიდერი იყო და ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტში დარჩა.
- რატომ გადაწყვიტე მისვლა პროექტში, რა იყო შენი მიზანი ?
- ამ პროექტში მოსასვლელად მე ბევრი რამ დავთმე, რომ რაღაც მიმეღო. ეს არ არის ის, რომ მე აუცილებლად უნდა მომეგო ეს პროექტი, თუმცა ეს სამი თვე უნდა ყოფილიყო რაღაცის მომცემი. ის არ უნდა იყოს მხოლოდ, რომ მოვედი, დაგენახეთ, ჩუმად ვარ და წყნარად ვარ. ასეთი რამ არ მქონია გეგმაში. როგორი ხასიათებიც მქონდა და როგორც მინდოდა მაყურებელს გაეცნო ჩემი თავი, ისე დავიწყე აქ ცხოვრება, თუმცა მომიწია და მიმიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ გამომეჩინა ის მხარეები, ზოგისთვის ძლიერი და ზოგისთვის სუსტი, რომელიც აქამდე არ გამოსულა ჩემგან. ეს იყო აფექტის მდგომარეობა, გაბრაზებაც, წყენაც...
საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ეს კარგი პროექტია, თუმცა 2 თვეა აქ ვართ და ძალიან დისკომფორტი შემექმნა იმ მხრივ, რომ ამ ნეგატიურ პირობებში, ამ ხელოვნური ჩხუბების და კამათების ფონზე, მე, რომელსაც მინდა, რომ რაღაც მივიღო და გამოვაჩინო ჩემი თავი, ძალიან უკან ვიწევ. მესმის, რომ შოუა, არის დაძაბულობა, წყენაც, ჩხუბიც, თუმცა ის, რაც ხდება, რომ ყოველ შაბათს ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ჩხუბს, ასეთი რაღაც ცოტა მგონია, რომ ზედმეტია. მე რომ გამარჯვება მინდოდეს, ჩუმად ვიყო და ყველას შევაყვარო თავი, ყველაფერს გავატარებდი, რაც ჩემს პრინციპებს აღემატება, მაგრამ როცა სულ სხვა მიზანი მაქვს, ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია, ამიტომ ის ძველი შემართება და ხალისი, რითაც დავიწყე, დროთა განმავლობაში აღარ არის. ვფიქრობ, რომ დიდხანს შევინარჩუნე ის სიმშვიდე, როგორიც რეალურად ვარ.
- დღეს აუტსაიდერებს ასახელებენ, როგორ ფიქრობ კიდევ მოხვდები სკამზე?
- სხვათა შორის, ვფიქრობ რომ პოზიციები დიდად არ შეიცვლება და ეს ყველაფერი, რაზედაც ვილაპარაკე, არ შეიცვლება. წინა დღეებში აქეთ ვეხვეწებოდი კიდეც მონაწილეებს, რომ დისლაიქი დაეწერათ, იქნებ როგორღაც იმის გარეშე, რომ ავდექი და უპასუხისმგებლოდ წავედი პროექტიდან, ყველაფერი კანონიერად მომხდარიყო. რომ არ შემოვსულიყავი პროექტში, ვიტყოდი, რომ ნეტავ მეცადა-თქო. ეს შეგრძნება აღარ მაქვს. მე ყველაფერი ვცადე, რაღაც ეტაპზე ხელიც ჩავიქნიე და ისევ ამოვიქოქე, მაგრამ არ გამოდის.
- რას გააკეთებ, პირველ რიგში, პროექტიდან გასვლის შემდეგ?
- არ ვარ ნამყოფი საზღვარგარეთ, არ მქონდა იმის დრო, რომ ავმდგარიყავი და წავსულიყავი და აქედან რომ გავალ, პირველ რიგში, ალბათ ვიმოგზაურებ, მით უმეტეს, როცა მყავს უკვე ადამიანი გვერდით, ვისთან ერთადაც ამას გავაკეთებ.
რაც შეეხება გეგმებს, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის პირველია ტელევიზიასთან შეხება. ვფიქრობ, რომ სოციალურ ქსელებს უფრო დიდი ძალა აქვს. რაღაც მხრივ, მიხარია, რომ ტელევიზიამ ყურადღება მიაქცია ახალგაზრდებს და გასართობი შოუ შექმნა, თუმცა შედარება რომ გავაკეთოთ, სოციალურ ქსელებზე დგას ეს შოუც და უფრო პოპულარულია. ამ მხრივ მაკლია სოციალური ქსელები, კომუნიკაცია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გარეთ ყოფნის დროს უფრო მეტად მივაქცევ სოციალურ ქსელს ყურადღებას. აქტიური ვიქნები ორმაგად, რადგან დავაფასე რა ყოფილა, როცა შენი თავის უფროსი თავად ხარ. ბევრი რაღაც გადავდე იმის გამო, რომ აქ შემოვსულიყავი. სიმღერა მაქვს ჩასაწერი, ერთი უკვე ჩაწერილი მაქვს, კლიპი მაქვს გადასაღები სერიოზული სახის. ვაპირებ ჩემი გადაცემის გაგრძელებას და გეგმები ბევრი მაქვს, მთავარია გავიდე.
- ბევრი ამბობს, რომ შენი ხელის თხოვნა დადგმული და შოუს ნაწილი იყო, შენ რას იტყოდი ამაზე?
- კიდევ კარგი რომ ხელის თხოვნა მოხდა, იმიტომ რომ ადამიანებს რაღაც მიმართულება გაუჩნდათ ცხოვრებაში მაჭანკლობის მხრივ... მთავარი ის არის, რომ მე არ ველოდი ამ ყველაფერს. ვისურვებდი, რომ უფრო მშვიდ, მეგობრულ გარემოში მომხდარიყო ეს ყველაფერი, ან საზღვარგარეთ ვიდრე ასეთ დაძაბულობაში, რადგან შეიძლება ბევრს ეთქვა, რომ დადგმული იყო.
ჩემი რეაქციებიდან გამომდინარე, ერთადერთი, რაც შევძელი, ტირილი ამიტყდა გიჟივით და პირველ რიგში, მინდოდა ვინმეს დავლაპარაკებოდი, ვინმე ჩემიანი მენახა და მომეყოლა. ამ ყველაფრის ფონზე ეს ხელის თხოვნა საერთოდ შოკი იყო და ფაქტებიც მერე გავაანალიზე, როცა ყველაფერი ჩავლილი იყო. ეს ნორმალური არ არის, იმიტომ, რომ თუ იმის დრო გვაქვს ადამიანებს, რომ სულ გაბრაზებულები ვიყოთ, იმის უფლებაც გვაქვს, რომ ბედნიერები ვიყოთ და ეს ორივე ერთად, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება.