კაია კალასი რუსეთთან მოლაპარაკებაში გერჰარდ შრედერის ჩართვას არაგონივრულად მიიჩნევს

კაია კალასი

ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტი კაია კალასი არაგონივრულად მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაში ევროპას გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი წარმოადგენდეს. შრედერის კანდიდატურა ვლადიმერ პუტინმა დაასახელა.

კალასი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ევროპის სახელით მომლაპარაკებლის დანიშვნის უფლება არ უნდა მიეცეს. მისი თქმით, გერმანიის ყოფილი კანცლერი რუსეთის სახელმწიფო კომპანიების ლობისტია და სწორედ ამის გამო სურს კრემლის ლიდერს, რომ ის ევროპას წარმოადგენდეს. კაია კალასმა ასევე აღნიშნა რომ რუსეთთან ევროპის პოტენციურ მოლაპარაკებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მაისის ბოლოს იმსჯელებენ.

„უპირველეს ყოვლისა, თუ ჩვენ რუსეთს მივცემთ უფლებას, დანიშნოს მომლაპარაკებელი ჩვენი სახელით, ეს არ იქნება განსაკუთრებით გონივრული. ფაქტობრივად, შრედერი მაგიდის ორივე მხარეს იჯდებოდა“, - განაცხადა კალასმა.

შრედერის კანდიდატურის საწინააღმდეგო განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამაც გააკეთა.

„არა, არ ვუჭერთ მხარს. ასეთ კანდიდატურას ჩვენ ცალსახად არ ვუჭერთ მხარს“, - აღნიშნა მან.