„ეს სიმღერა მაშინაა ჩაწერილი, როცა ჯერ კიდევ ურთიერთობაში ვიყავი“ - სალომე კაპანაძე ახალ კლიპზე და სამომავლო გეგმებზე

salome kapanadze

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილემ, სალომე კაპანაძემ საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა. ამჯერად, მან ახალი სიმღერა და კლიპი შემოგვთავაზა, რომელმაც მოკლე დროში რეკორდული ნახვები დააგროვა.

სალომეს შეყვარებულთან სკანდალური დაშორების შემდეგ, გაჩნდა კითხვა, ეძღვნება თუ არა ახალი სიმღერა „ანაკონდა“ მის ყოფილს. ამაზე ის „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

სალომე კაპანაძე: - ეს უკვე მესამე სიმღერაა თავისი კლიპით. სამივე სიმღერის ტექსტის ავტორი მარიამ ქირიაა. ერთად მუშაობა აშკარად გამოგვივიდა, რადგან სამივემ ძალიან კარგი შედეგი დადო. 

სიმღერა შარშან ზაფხულში, ბათუმში ჩავწერეთ, უბრალოდ, კლიპის გადაღება ცოტა გამეწელა. 

მანამდე ორი სიმღერა დავდე და ამჯერად, არ მინდოდა ამ ყველაფერს უბრალოდ ჩაევლო. გადავწყვიტე, რომ პრეზენტაცია გამეკეთებინა. მყავდნენ სტუმრები, იყვნენ მეგობრები და ისეთი ადამიანები, რომელთაგანაც, გვერდით დგომას და მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. ისინი ყოველთვის აღნიშნავენ, რომ არ ვჩერდები და ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი გავაკეთო და შევქმნა. თითქოს ჩემი დაბადების დღე იყო, ისე გამოვიდა (იცინის). 

არ მინდა, ამას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს, პრეზენტაციაზე ესეც აღვნიშნე: მინდა, როცა დავაპირებ კიდევ ახალი კლიპების გადაღებას, ყოველთვის პრეზენტაცია გავაკეთო. მგონი, კარგი იდეაა.

- ეს სიმღერა ვინმე კონკრეტულ ადამიანს ეძღვნება?

- ჩემს დასრულებულ ურთიერთობას დაემთხვა და ბევრმა მე მგონი, არასწორად გაიგო და მოგატყუებთ, რომ ვთქვა, ამას არ ველოდი-თქო. ეს სიმღერა მაშინაა ჩაწერილი, როცა ჯერ კიდევ ურთიერთობაში ვიყავი. ასე რომ... სულ სხვა რამეზეა იქ საუბარი და არავის ეძღვნება. 

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

ვაპირებ სიმღერების ჩაწერას და კლიპების გადაღებას. დავინახე, რომ ძალიან კარგად მიიღო საზოგადოებამ. მეც უფრო მეტი მოტივაცია მომეცა, რომ უფრო კარგად ვაკეთო, ოღონდ უფრო სერიოზული სახე მივცე. არ ვარ მომღერალი, საკუთარ ჭიას ვახარებ. მინდა, ხალხმა სწორად გაიგოს და არ ჩათვალონ, რომ ამბიციები მაქვს ძალიან სერიოზულობაზე. 

მომწონს, რომ დამოუკიდებლად შემიძლია რაღაცის კეთება, ისე, რომ ვინმესთან ვალდებულება და სახვეწარი არ მქონდეს. 

ნახეთ სიმღერის კლიპი ↓