პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყველას გვახსოვს ცოტა ხნის წინ სალომე კაპანაძისა და წუპაკას დაშორების სკანდალური ისტორია, რომელიც საოცრად აქტუალური თემა გახდა.
ამ თემაზე სალომემ „თბილისელებთან“ ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
სალომე კაპანაძე: ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და ჩემი ტელეფონი ჩვეულებრივზე მეტად აფეთქებული იყო (იცინის). ზოგი პირადში მწერდა, ზოგი კომენტარებში მნიშნავდა... თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მერე გავიგე, რომ შაკირასა და მაილი საირუსს, ორივეს, ყოფილისთვის მიუძღვნია სიმღერა, ისევე, როგორც მე და მართლა შოკში ჩავვარდი (იცინის). სავარაუდოდ, რთული პერიოდია და ძლიერი ქალები გაუგებრობაში მოვყევით (იცინის). უცხოურ ბლოგებზე რომ აზიარებენ შაკირას ან საირუსის სიმღერებს, ქართველების კომენტარები მხვდება: პირველები ჩვენ ვიყავით და ნუ გვბაძავთო. ძალიან მეცინება, თან, მახარებს ხალხის ასეთი დამოკიდებულება. პირადად მე ძალიან მეშინოდა, უფრო სწორად, დაძაბული ვიყავი, როგორ გაიგებდა ხალხი ჩემს სიმღერას. ადვილი ხომ არ არის, უცებ ადგე, ყოფილზე სიმღერა დაწერო და მთელ საზოგადოებას გაუზიარო?! თუმცა, საკმაოდ კარგად მიიღეს და ყველა გაგებით მოეკიდა.
– როგორ მოგაფიქრდა სიმღერის მიძღვნა. თან, მგონია, რომ ამ ნაბიჯს გამბედაობაც სჭირდება.
– გამბედაობას რაც შეეხება, ალბათ, ასეთი ტიპაჟი უნდა იყოს. ჩემს შემთხვევაში ასეა. პრობლემების წინაშე რომ ვდგები, არ გავრბივარ, არც სახლში ვჯდები და არც დეპრესიაში ვვარდები. პირიქით, მინდა, პრობლემას თვალებში ჩავხედო. მით უმეტეს, როცა ეს თემა ასე მძაფრად და აქტიურად განიხილებოდა, მე ვერ გავექცეოდი მას. გადავწყვიტე, სიმღერით დავპირისპირებოდი ამ პრობლემას. ტექსტის დაწერაში ჩემი დაქალი მომეხმარა, ის ამ სფეროში აქტიურადაა ჩართული. მოკლედ, გადავწყვიტე, ყველაფერი სიმღერით გადმომეცა და დარჩა ისტორიას (იცინის).
– წარმოგედგინა, რომ საქმროს დაშორდებოდი და მერე მთელი ქვეყანა ამაზე დაიწყებდა ლაპარაკს?
– სხვათა შორის, სანამ ეს წელი დაიწყებოდა, ვფიქრობდი, რამდენად რთული და ემოციურად დატვირთული იყო ჩემი 2022 წელი. იმასაც კი ვამბობდი, მგონი, ჩემი ცხოვრება მარტო ეს წელი რომ ყოფილიყო, მეყოფოდა-მეთქი. მაშინ ვიყავი „პრაიმ ჰაუსში“, ერთი სტრესული სიტუაციიდან გამოვედი და მალევე ამ პრობლემას შევეჯახე, ამას დაემატა ძალიან ბევრი რამ ჩემს პირად ცხოვრებაში, რაც ხალხმა არ იცის. ეს ეხება ჩემს მეგობრებს და მათთან ურთიერთობას, მშობლებთან ურთიერთობას... ერთად ძალიან ბევრი რამ დამატყდა თავს, უამრავი სირთულე შემხვდა ყველასთან ურთიერთობაში. ალბათ, ეს იყო საჭირო იმისთვის, რომ ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაში გავრკვეულიყავი. იყო მომენტები, როცა ჩემთვის ახლობელი ადამიანები არ დამიდგნენ გვერდში და სრულიად უცხო ადამიანები ძალიან დამეხმარნენ. საბედნიეროდ, ასეთი ძალიან ბევრი აღმოჩნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი რამ ვისწავლე და ის ყველაფერი, რაც მოხდა ჩემთვის ჭკუის სასწავლებელი, დიდი გაკვეთილი აღმოჩნდა. გავძლიერდი კიდეც, რაღაცებზე ისე აღარ ვნერვიულობ, როგორც ადრე.