რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
56 წლის ზაზა ხუციშვილი საყვარელ საქმიანობას აქტიურად დაუბრუნდა. წერს სიმღერებს და "ვაკის პარკთან" დაკავშირებულ გეგმებს სახავს. თუმცა ამბობს, რომ პარლამენტის წევრობის დროსაც არსად წასულა.
მართალია, ძველებურად "ხუჭუჭი და პატარა" აღარ არის, მაგრამ კარგ ფორმაშია. როგორც ჩვენთან ამბობს, ფიზიკურ აქტივობებშია და ეს არის მისი გახდომის მთავარი მიზეზი.
ზაზა ხუციშვილი: - მოძრაობაში ვარ, ფიზიკურად ვაქტიურობ. ცოტ-ცოტას ვვარჯიშობ. მყავს სამი ძაღლი, მათი გასეირნება, მერე ვარჯიში. გარდა ამისა, ეზოში ფიზიკურად ვმუშაობ, ვნადირობ...
წყნეთის გვერდით, ახალდაბაში მაქვს აგარაკი, 800 კვადრატული მეტრი ეზოთი, სადაც პრაქტიკულად ყველაფერი საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული.
მე და ჩემს მეუღლეს დეკორატიული ვარდების კარგი კოლექცია გვაქვს. თბილისში ვინც კი ვარდების გამოყვანით არის დაკავებული, ყველას ვიცნობთ, ბევრი მომწოდებელი გვყავს. ვარდების გაცვლასაც ვაწარმოებთ. ეზოში მაქვს ასამდე ჯიშის ვარდი. ვარდების ყველაზე დიდი გამომყვანი დევიდ ოსტინი შარშან 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯადოქარი იყო, მისი ვარდები საოცრებაა.
- რაზე ნადირობთ?
- გადამფრენ ფრინველზე, ძირითადად. ნადირობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მაინც მეგობრების შეკრება და ბუნებაში გასვლაა და არა რამდენს მოინადირებ. მიგვაქვს საგზალი, მიგვყავს ჩვენ-ჩვენი ძაღლები, რომელთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მყავს ინგლისური სეტერი და დედა-შვილი რუსული მდევრები.
- ნანადირევის ჭამა გიყვართ?
- ჭამაც და მომზადებაც. სხვანაირად რა აზრი აქვს ნადირობას. მწყერს პირდაპირ შეწვა უხდება. ცხიმიანია და სხვა არაფერი განსაკუთრებული არ უნდა. შინაურ წიწილას და ღორის მწვადს, გარეული ნამდვილად არ ჯობს. ნანადირევიდან რაც განსაკუთრებულად გემრიელია, ეს არის მწყერი.
იხვზე არ ვნადირობ, რადგან ამ დროს ძაღლები არ მონაწილეობენ და ისეთი ინტერესი არ მაქვს.
მიყვარს ტყის ქათამზე, იგივე ჩიბუხაზე ნადირობა. მზადდება ჩვეულებრივ, როგორც ქათამი.
- ზაზა, სიმღერებს არ წერთ?
- მაქვს ახალი სიმღერები. უახლოეს მომავალში ჯგუფ "ვაკის პარკთან" ერთად ერთ სიმღერას ავამღერებ. კლუბებში დავუკრავთ. მაქვს სიმღერები, რომელიც სტილისტურად განსხვავდება "ვაკის პარკის" რეპერტუარისგან, ამიტომ კოლაბორაციებზე ვფიქრობ.
- ანუ ბრუნდებით...
- მე ერთი წუთითაც არსად არ წავსულვარ. პარლამენტში ყოფნის დროს აქტიურად ვუკრავდი ჰარდროკ კაფეში, ფაბებში და სადაც გვეძახდნენ, ყველგან გამოვდიოდი.
- პოლიტიკა იყო თქვენთვის დროის ფუჭად ხარჯვა?
- ნამდვილად არა. გარემოს დაცვის კომიტეტმა იმდენი კარგი რამ გააკეთა, რომ ცალკე სასაუბრო თემაა.