"ენის უცოდინარობის გამო, მანჰეტენზე, ბინა კინაღამ დავკარგე" - 17 წლიანი ემიგრაციიდან ხათუნა იოსელიანი სამშობლოში ბრუნდება

ioseliani

ხათუნა იოსელიანი 79 წლის გახდა, ოკეანეს გადაღმა, ამერიკაში. მეჩვიდმეტე წელია, რაც მსახიობი შტატებში, ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს.

"პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ სამშობლოში, მის მონატრებისთანავე მოფრინავს. შესაბამისად, როგორც ემიგრანტებს "სჩვევიათ", სიზმრად მშობლიური მთების და მიწა-წყლის ნახვა, მსგავსი რამ არ "სჭირს". თუკი ვინმე ესიზმრება, ეს მისი შვილიშვილი - საშკაა, რომელსაც ხათუნას გარდაცვლილი ძმის სახელი ჰქვია. 

მსახიობი, ალექსანდრე იოსელიანი, 41 წლის იყო აფხაზეთის ომს რომ შეეწირა. საშკა თავისი ფიზიკური მონაცემებით ისე კაშკაშებდა, რომ მასზე სუსტი სქესი ყურებამდე იყო შეყვარებული.

მსახიობი თავის ფილმებში ათამაშეს რეჟისორებმა: ალექსანდრე ნინუა, გუგული მგელაძე, სიკო დოლიძე, გიგა ლორთქიფანიძე, გოგი ქავთარაძე, ირაკლი შავლიაშვილი.

საშკამ უკანასკნელი როლი 1992 წელს „ოქროს ობობაში“ განასახიერა, ერთი წლის შემდეგ კი აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა.

ხათუნა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ცხოვრობს და ქართველ ბავშვებს მსახიობის ოსტატობასა და მეტყველებას ასწავლის. ხარობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მისიითაა დაკავებული.

იმედოვნებს, რომ 80 წლის იუბილეს თბილისში გადაიხდის. 

ხათუნა იოსელიანი: ამერიკაში 2006 წელს ჩამოვედი და მწვანე ბარათი ძალიან მალევე მივიღე. როგორც ქვეყნისთვის საჭირო ადამიანს, თითქმის 6 თვეში საბუთები უკვე მქონდა. ამიტომაც თბილისში ჩამოსვლა მალე შევძელი.

მონატრება ყოველთვის არის და იყო, მაგრამ არა ისეთი სიმძაფრით და დრამატიზმით, რასაც სხვა ემიგრანტები განიცდიან. მე მონატრებისთანავე ბილეთს ვიღებ და სახლში მოვფრინავ.

ძალიან გამიმართლა, აქ ჩემი საქმე მაქვს. ქართული კულტურის ცენტრში"დენსინგ ქრეინში", რომელიც ვიქტორ და ლია სირელსონებს ეკუთვნით, მუშაობა დავიწყე როგორც მსახიობმა, საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა და ბოლოს, როგორც რეჟისორმა. ქართველ ბავშვებს მსახიობის ოსტატობას და მეტყველებას ვასწავლი. ვდგამ სპექტაკლებს.

 როცა შენს საქმეს აკეთებ და სულიერად ივსები, ეს დიდ ბედნიერებას განიჭებს. მე და ცუცა კაპანაძე ერთად ჩამოვედით და ამ საქმიანობასაც ერთად ვეწევით.

იცით, ამერიკა ნამდვილად არის ოცნებების ამსრულებელი ქვეყანა... ყველას თავისი ამერიკა აქვს. მე ჩემი ამერიკა მაბედნიერებს, მახარებს და ჩემზე ზრუნავს. ამერიკის მოქალაქე ვარ და შესაბამისად, ვიცი, რომ ჩემი ქვეყანა მეიმედება, რადგან ამ 17 წლის მანძილზე, არც ერთხელ მარტო არ დავუტოვებივარ ჩემს პრობლემებთან. ამიტომ ძალიან მიყვარს ამერიკა.

თავიდან ბრაიტონზე ვცხოვრობდი, მაგრამ მანჰეტენისკენ მომიწევდა გული და აქეთ ცხოვრებაზე ვოცნებობდი, რადგან ნამდვილი ამერიკა ეს არის. მირჩიეს, რაღაც საბუთების შევსება, ბინის მოთხოვნით. შევავსე, მაგრამ არც კი მჯეროდა, რომ ეს რეალობა იქნებოდა. ორ თვეში სტაბილურად მირეკავდა "ვიღაც" და მე ვუთიშავდი ტელეფონს. რეკავდა, ვუთიშავდი. ჩემი შვილიშვილი აქ სწავლობდა კოლეჯში და იმ დროს ჩამოსული იყო ამერიკაში. კიდევ კარგი, ერთხელაც, როცა მორიგი ზარი გაისმა ამ "ვიღაცისგან", საშკა სახლში იყო და მივაჩეჩე ყურმილი: მე არ მესმის რა უნდა, რას მირეკავს და შენ დაელაპარაკე-მეთქი. თურმე ბინა მომცეს მანჰეტენზე!
 და საშკა რომ არ ყოფილიყო, ამას ვერც გავიგებდი. ენის უცოდინარობის გამო, კინაღამ ბინა დავკარგე. 62 წლის ვიყავი აქ რომ ჩამოვედი. ინგლისურად, რა თქმა უნდა, ელემენტარული ვიცი, მაგრამ ძნელი აღმოჩნდა ამ ასაკში ენის ათვისება.


 
 ამგვარად, 2014 წლიდან გადმოვბარგდით მანჰეტენზე. სანამ ცოცხალი ვიქნები, ეს ბინა ჩემი იქნება. 

მანჰეტენი ჩემი მეორე სახლია და თითქმის ისეთივე შეგრძნებით, როგორც თბილისში, რუსთაველზე. საოცარია, მაგრამ აი, მართლა ისეთივე შეგრძნება მეუფლება, როგორც მანდ, რუსთაველზე ცხოვრებისას და გარეთ გამოსვლის დროს მქონდა. მთელი სამეზობლო მიცნობს აქაც. ჩემი გაკეთებული ჩურჩხელა და გოზინაყიც კი აქვთ გასინჯული. მთელი მიკროუბანი, ჩვენი კარგი ეზო და ეს ქალაქი მაცოცხლებს. 

აი, ჩემი თბილისი კი ყოველთვის მენატრება. ოღონდ, "ჩემი თბილისი" და არა ის, როგორიც ახლაა. ჩემს ქვეყანას არაფერი შეედრება, სულით ხორცამდე ქართველი, თბილისელი ვარ, მაგრამ დაცარიელდა ჩემი ქალაქი. 

 მე და ჩემი ქალიშვილი რომ დავბრუნდებით, არც კი ვიცი, მგონი, ცოტა გაუცხოებული დამხვდება ჩემი ქალაქი. ჩემი თაობა, მეგობრები მიდიან ამ ქვეყნიდან....

სიზმრად მხოლოდ სცენას და ჩემს შვილიშვილს ვნახულობ, ჩემს საშკა კალმახელიძეს.

იმედია, 80 წლის იუბილეს მანდ აღვნიშნავ.