პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კახა კუხიანიძემ ხატვა პანდემიის დროს დაიწყო. როგორც მომღერალი "პრაიმტაიმთან" ჰყვება, თუ ადრე, მუზეუმში ცხვირს ვერ შეაყოფინებდი, რომ ნახატები დაეთვალიერებინა, ახლა უკვე საკუთარ ნახატებთან ისეთ ემოციურ კავშირშია, რომ როგორც ამბობს, ნამუშევრები ენატრება და ერთი სული აქვს შინ დაბრუნდეს.
კახა კუხიანიძე: იმ ადამიანებზე მეცინებოდა, საათობით რომ უყურებდნენ ფერწერულ ტილოებს. რატომ უყურებენ ან ამდენ ხანს, რას აკვირდებიან-მეთქი, ვამბობდი. არც მუზეუმში არ დამიდგამს ფეხი, საერთოდ არ მაინტერესებდა.
2016 წელს სახლი ვიყიდე და ერთი კედელი დავტოვე, რომ ოდესმე რამე ნახატს ჩამოვკიდებდი. მაგრამ ამის დრო არასდროს დადგა. როგორც ვთქვი, ნახატები არ მაინტერესებდა.
და... პანდემიის დროს რომ გამოვიკეტეთ, ამ ცარიელმა კედელმა შემაწუხა. მაღაზიები როგორც კი გაიხსნა, ვეცი საღებავებს. მაგრამ პროფესიონალებისთვის აზრი რომ მეკითხა, საჭიროდ არ ჩავთვალე. ან რომელი საღებავი მეყიდა, ან რა რჩევა გამეთვალისწინებინა... მოკლედ, ვიყიდე აკრილი და არც ის მიკითხავს, უნდა გამეზავებინა თუ არა რაიმეში. მოკლედ, თავი ამბიციურობაში გამოვიჭირე.
დავდექი და ტილოზე მივასხი-მოვასხი საღებავი. დავიწყე საკუთარ თავთან დიალოგი, დავდო თუ არა ფეისბუქზე მეთქი? მხატვარი ხომ არ ხარ, რეებს ბოდიალობ, ადექი და დადეო, მეორე მემ მითხრა. დავდე. წამოვიდა კომენტარები, მოეწონათ. მერე უკვე წავიდა და წავიდა...
ჩემ ნახატებს უკვე ბევრი მსურველი ჰყავს. მაგრამ გასხვისებისთვის ვერ ვიმეტებ. იმ დონეზე შემიყვარდა ხატვა, სახლიდან რომ გავდიოდი, უკვე ნახატები მენატრებოდა. ზოგ ნახატს ვერ ვყიდი, რადგან სულ სხვა ემოციური ბმა მაქვს.
პორტრეტებზეც გადავედი. თუმცა აბსტრაქციაა ჩემი. მომწონს აბსტრაქციის და პორტრეტის მიქსი.
ხატვამ სამყარო სულ სხვა თვალით დამანახვა. აქამდე სად ვიყავი-მეთქი, ვფიქრობ. არაფერი გაინტერესებს - არც საჭმელი, არც ყავა, არც ტელეფონი. ჩართეთ მუსიკა და ხატეთ.
მინდა სახელოსნო. სახლში იატაკის და ავეჯის დასვრა არ მინდა, "თხუპნაობისთვის" შეზღუდული ვარ. რომ მიასხა-მოასხა, თავისუფლება გჭირდება. ამიტომ ვაპირებ სახელოსნოს გაკეთებას.