„ცნობილ სახეებთან მუშაობა ძნელია, „ვარსკვლავური“ კაპრიზები აქვთ, მაგრამ აჩიკოსთან თანამშრომლობა ძალზე კომფორტულია“ - ნახეთ, რა მოუწყეს იუბილარ აჩიკო სოლოღაშვილს

achiko

აჩიკო სოლოღაშვილი 43 წლის გახდა. "რომ გითხრა, ასაკის მატება მიხარია-მეთქი, მოგატყუებ. თუმცა მემატება, არ მაკლდება და ეს უკვე კარგია." (იცინის) - გვითხრა აჩიკომ.

გუშინ გადაცემა "ოჯახობანას" შემოქმედებითმა ჯგუფმა ძვირფას წამყვანს დაბადების დღე დიდი ტორტით მიულოცა.

როგორც შოუს პროდიუსერი, სოფო ბანძავა "პრაიმტაიმთან" ამბობს, წამყვანმა ამ პატარა სიუპრიზის შესახებ არაფერი იცოდა და გადაცემების ჩაწერებს შორის ჩართულმა "სადაბადებისდღეო" მუსიკის ჰანგებმა, მისი გაოცება გამოიწვია.

"ერთი გადაცემა რომ ჩავწერეთ, აჩიკო მაყურებელს დაემშვიდობა, ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ორშაბათსო და... ჩაირთო მილოცვის მუსიკა. დაიბნა, არ ელოდებოდა. ტორტი რომ გამოვიტანეთ, ძალიან გაუხარდა. მშვენიერი პატარა სიურპრიზი გამოგვივიდა" - ამბობს სოფო.

აჩიკო სოლოღაშვილი: რა თქმა უნდა, არ ველოდი. ჩემხელა ტორტი რომ შემოვიდა, მერე მივხვდი რაშიც იყო საქმე. ბუნებრივია, გამიხარდა და მადლობელი ვარ გუნდის, რომელმაც პატივი დამდო და ჩემი დაბადების დღე აღნიშნა.

ის, რომ სოლოღაშვილი "ოჯახობანას" წამყვანი ყოფილიყო, იდეა სოფო ბანძავასა და არხის გენერალურ დირექტორს, ვაკო ავალიანს ერთდროულად მოუვიდათ.

11 გადაცემა გავიდა, რეიტინგიც დამაკმაყოფილებელია და შოუს მაყურებლის გამოხმაურებაც. რაც შეეხება მის წამყვანს, იდეის ავტორებს, აჩიკომ იმედები ნამდვილად გაუმართლათ. 

სოფო ბანძავა: აჩიკოს კმაყოფილი ვართ მთელი ჯგუფი. კომფორტული ადამიანია. ნიჭიერია, როგორც წამყვანს აქვს კარგი იმპროვიზაციის უნარი. ცეკვა-სიმღერა არ ეშლება. 

ზოგადად, ცნობილ სახეებთან მუშაობა ძნელია, აქვთ ე.წ. "ვარსკვლავური" კაპრიზები, მოთხოვნები. მაგრამ აჩიკო მსგავსი რამეებისგან თავისუფალია.  ძალიან დისციპლინირებული, ტაქტიანი, მოწესრიგებულია, რაც კომფორტს უქმნის გუნდს მუშაობაში.

ჩემთვის, როგორც პროდიუსერისთვის, მთავარია ის, რომ აჩიკოს აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. მისთვის არ არსებობს დაგვიანება. არ აქვს "სელებრითებისთვის" დამახასიათებელი ტიკები. სათანამშრომლოდ იდეალური პიროვნებაა. უკვე დავმეგობრდით კიდეც.

სწყინს, როდესაც აღმოაჩენს, რომ ბავშვებმა ქართული ფილმები თუ სიმღერები არ იციან. ჩვენი გადაცემა შემეცნებით-გასართობია. ახალმა თაობამ ქართული ფილმები უნდა იცოდეს.

გამოხმაურებამ გვიჩვენა, რომ მაყურებელმა გადაცემა მიიღო და არც ერთი ნეგატიური კომენტარი არ გაკეთებულა. გვწერენ, უნდათ შოუში მონაწილეობა, მადლობას გვიხდიან. ერთმა მოგვწერა, შვილიშვილი იჯდა და "ჭრიჭინას" უყურებდა, მერე "შერეკილებთან" მჯდომი ვნახე და თქვენ გაიხარეთო. ანუ გადაცემა პატარა ქართული საქმეში თავის პატარა აგურს დებს.