თორნიკე შენგელიას ჩვენი დახმარება სჭირდება - როგორ მივცეთ ხმა კაპიტანს

თორნიკე შენგელია

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-9 ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ისლანდიას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით - 88:85 დაამარცხა. 

გამორჩეული მატჩი ჰქონდა ჩვენი გუნდის კაპიტანს, თორნიკე შენგელიას, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა და მოედანი ორმაგი დუბლით დატოვა. შეხვედრის ბოლოს თოკოს ანგარიშზე 27 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო. 

მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ (FIBA) ქართველი კალათბურთელი მე-9 ტურის სიმბოლურ ხუთეულშიც შეიყვანა, სადაც მასთან ერთად შვედი ლუდვიგ ჰაკანსონი (24 ქულა, 6 მოხსნა, 6 ასისტი), გერმანელი იუსტუს ჰოლაცი (18 ქულა, 5 მოხსნა, 9 ასისტი), ფრანგი ვიქტორ ვემბანიამა (20 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ბოსნია & ჰერცეგოვინელი კენან კამენიასი (20 ქულა, 14 მოხსნა) მოხვდნენ. ახლა კი FIBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, სადაც ამ ხუთეულიდან მე-9 ტურის საუკეთესო კალათბურთელი უნდა აირჩეს. 

ქართველ გულშემატკივარს ხმის მიცემა ამ ბმულის მეშვეობით შეუძლია - მიეცი ხმა. 

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს, თბილისი არენაზე იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.