თავს ყველაზე დიდი ცუნამი დაგვატყდა... „ლივერპული“ თოჯინების თეატრად გადააქცია და მარიონეტების მართვა საკუთარ თავზე აიღო - რას წერს ნიკა ტაბატაძე

kvaracxelia

პატარა ქვეყნის, ახალგაზრდა ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი სპორტულ სამყაროს იპყრობს. ქართული, ძველად წარმოსათქმელი გვარი მსოფლიოს ყველა მხარეში აიტაცეს, ისწავლეს და დარწმუნებულიც ვართ, სამუდამოდ ემახსოვრებათ. ახალგაზრდა ქართველმა მოახერხა და 6 თამაშში ისტორია დაწერა. ფეხბურთის სამყაროში ახალი ეპოქის შექმნას დასაბამი დაუდო და ქართველებს და არამხოლოდ ქართველებს, გვჯერა, ჩვენი, ჩვენი შვილების თაობები მუდამ ისაუბრებენ ლეგენდაზე პატარა საქართველოდან, რომელმაც მსოფლიო ლეგენდების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი.

სეტანტას კომენტატორი, ნიკა ტაბატაძე, რომელსაც ამ ისტორიული მატჩების კომენტატორობა ხვდა წილად სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ღამის სამი საათი და თოთხმეტი წუთია, ვერ ვიძინებ. რაღაცის დაწერა მომინდა. მთელ სხეულში დაილექა, მკერდში გაიჭედა და აქ თუ არ გადმოვიტანე კარგი არაფერი მოხდება. საუკუნეა არ დამიწერია, ან იქნებ წინა ცხოვრებაში არც კი მიცდია დამეწერა... სანამ ზღვარი გაივლებოდა, სანამ ბათუმური შავი ზღვა ნეაპოლურ ყურეს შეერეოდა.


უნდა მოგიყვეთ ტიპზე, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ორად გაყო. რაც აქამდე იყო და რაც ამის მერე იქნება.
სიგიჟეა ამ ყველაფრის გააზრება. თან, საამისოდ ყველაზე ცუდი დრო შევარჩიე. შეიძლება ძალიან ადრეა, შეიძლება ამ სულსწრაფობის ეიფორიაში რაღაცები უფრო პოპმეზურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ვის ადარდებს ეს?!


არსაიდან, თავს ყველაზე დიდი ცუნამი დაგვატყდა, რომლის ყველა ყლუპის გადაყლაპვაც გვინდა. კი არ გვაძალებენ, ჩვენივე კეთილი ნებით თითოეულ წვეთს ვისრუტავთ და სულის მოთქმასაც არ ვაპირებთ.
21 წლის ბიჭმა ყველაზე დიდი რყევა გამოიწვია ამ აბდაუბდა ცხოვრებაში. როგორ შეიძლება რყევა რაიმეს მოსაწესრიგებლად გამოდგებოდეს და თან სასიამოვნო იყოს?!


ამ კითხვის გასაღები ბურთზე შეყვარებულმა ბიჭმა საქართველოს დროშიანი წვივსაფარის ქვეშ დამალა და საგულდაგულოდ შეინახა. ისიც დააყოლა, რთული შეკითხვების პასუხებზე მე ვიზრუნებ და მოღუშულ ქვეყანაში სულ სხვა მუღამით გაგაღიმებთო... მერე ამ ბიჭს კვარავაჯოს შეარქმევენ...


ფეხბურთია ყველაფრის თავი და თავი და ფეხბურთია - ხვიჩა კვარაცხელია. მთელი ცხოვრება დიდი სიამოვნებით გადავეცი ყველაზე ლამაზ თამაშს და ეს გადაწყვეტილება წამით არ მინანია. მთელი ცხოვრება ვიქნევდი ჰაერში ფეხს და წარმოსახვითი გოლი გამქონდა სახლში, ქუჩასა, თუ უნივერსიტეტის დერეფნებში...


სიზმრებში დადასტურებული ოცნებები ბევრისთვის წამიერ გაელვებად დარჩა, კვარამ კიდე ოცნებას და ბედნიერებას საზღვარს რატომ ვუწესებთო და სანუკვარ სამყაროში გადაეშვა.
ჰოდა, მე გეუბნებით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ქართველია. ჰო უცნაურად ჟღერს? ვიცი, მაგრამ ასეა და ახლავე აგიხსნით რატომ...


კვარა საუკეთესოა, რადგან თქვენ სახეებზე ღიმილი მართლა დააბრუნა. კვარა საუკეთესოა, რადგან იშვიათად გამხდარა ქართველობის განცდა ასეთი სიამაყის მომტანი. კვარა საუკეთესოა, რადგან ქართველი ემიგრანტების გულებში შევიდა და მხრებში გაშლის საბაბი მისცა. კვარა საუკეთესოა, რადგან საქართველოში ფეხბურთისადმი დაკარგული რწმენა დააბრუნა!


მითები, ლეგენდები, თხზულებები. ზოგიც სიმართლე...
რა აღარ გესმოდათ ქართული ფეხბურთის ნიჭიერებით შემკულ სიდიადეზე? ბალადებად ქცეულ ამბებზე და ტირში ჩამოკიდებულ ფოტოებზე?


მეც მინახავს სანახევროდ განათებულ უბნებში მოთამაშე ჰარი ჰუდინიები, ბურთს რომ უკვალოდ გააქრობდენ ხოლმე. ამის შემხედვარეს გამუდმებით მტანჯავდა ერთი კითხვა: სად მიდის ეს ხალხი, რატომ არ არიან იქ, სადაც მათი ადგილია?


მერე ეს ბიჭი გამოჩნდა...
და კვარამ თავისი ადგილი დიეგო არმანდო მარადონაზე იპოვნა.
სრულყოფილი დრიბლინგი რომ აქვს, კორპუსსაც მოხდენილად რომ იყენებს და ბუნებრივ მოკრძალებას მაშინ რომ ივიწყებს, როცა მსაჯის სასტვენს გაიგებს.


ისე მორცხვად გაგიღიმებს, ცოტათი ეჭვდები - შენ ხომ არ ხარ ის ვარსკვლავი, გარდიანში, სიბიესის სტუდიებსა და გარი ლინეკერის თვითერზე რომ კაშკაშებს.


მერე გახსენდება, რომ მთელი ლივერპული თოჯინების თეატრად მან გადააქცია და მარიონეტების მართვა საკუთარ თავზე აიღო. მერე ყველანაირი ეჭვი ქრება და ხვდები, რომ საქართველოშიც გამოჩნდა მსოფლიო დონის მოთამაშე!
საქართველო ფეხბურთს კვარას ხელით შეეხო და მისი არსებობა დაიჯერა.

თვალებიც რაღაცნაირად სუფთაა, მოკრძალებას და მორიდებას რომ გამოხატავს. ისეთი განცდა გეუფლება, რომ ტყუილს მხოლოდ მწვანე მინდორზე თუ იკადრებს. თუნდაც სახლის უკანა ეზოში...ამის მერეც კიდევ ბევრი მერე იქნება... მე გამიმართლა და მსოფლიო დონის ფეხბურთელის თამაშები წავიყვანე. ქართველის...“,- წერს ტაბატაძე.