შალვა გოგოლაძე: დარწმუნებული ვარ, ეს ნაკრები ღირსეულად იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატზე

ამონ

 საქართველო-ესპანეთის მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. როგორც სპორტის მინისტრმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, ის დარწმუნებულია იმაში, რომ ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ სასახლეს ასეთი ემოციური და დაძაბული მატჩი არ უნახავს. დარწმუნებული ვარ, ეს ნაკრები ღირსეულად იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთს უმასპინძლა. შეხვედრა „ჯვაროსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 91:89 დასრულდა. მასპინძლების რიგებში საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც 45 წუთში 37 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა. ერთ შეხვედრაში დაგროვებული ქულების რაოდენობით შენგელია ეროვნული გუნდის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა და ზაზა ფაჩულიას და მაიკლ დიქსონის მიღწევა გააუმჯობესა.

გუნდმა შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპის საგზური უკვე გაინაღდა. მეორე ეტაპის თამაშებს საქართველოს ნაკრები 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალსა და მარტში გამართავს.