საქართველოს რაგბის ფედერაცია 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

რაგბი

18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს საქართველოს რაგბის ფედერაცია. გუშინ ქალაქ რუსთავის „ხარები არენაზე” გაიმართა მეოთხედფინალის პირველი მატჩი, სადაც ქართველმა ახალგაზრდა მორაგბეებმა წარმატებით იასპარეზეს და ჩეხი თანატოლები დაამარცხეს.

მატჩს ესწრებოდნენ: რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე, ასევე კოლეგები რუსთავის საკრებულოდან.

18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლობს და მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი ფლეი ოფის სისტემით გაიმართება.

„ვულოცავ საქართველოს ამ პრესტიჟული ჩემპიონატის მასპინძლობას და ჩვენი ახალგაზრდების ბრწყინვალე გამარჯვებას“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.