1747811762
დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა დევნის შეწყვეტის შესახებ, რაც, ბუნებრივია, არ დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ - პროკურორი გივი თარგამაძის საქმეზე

კომისიის სხდომაზე არგამოცხადების გამო, გივი თარგამაძის საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ. წინასასამართლო სხდომაზე გადაწყდა, რომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.
პროცესს გივი თარგამაძეც დაესწრო, რომელსაც 10 000-ლარიანი გირაო აქვს გადახდილი. მან სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ მისი პოზიცია უცვლელია და ის არ აპირებს კომისიის სხდომაზე გამოცხადებას.
საქმის პროკურორის, ნათია თათიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების შემთხვევაში, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
"დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა დევნის შეწყვეტის შესახებ, რაც, ბუნებრივია, არ დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ, ვინაიდან არ არსებობდა არანაირი გარემოება დევნის შეწყვეტისთვის.
სახეზე გვაქვს დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულება, სადაც მე-6 მუხლის, მე-3 ნაწილში დადგენილია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ თუკი საგამოძიებო კომისიის მიერ დაბარებული პირი არ გამოცხადდება, არ შეასრულებს კანონიერ მოთხოვნას, არ მისცემს ახსნა-განმარტებას, ან მიაწვდის ცრუ ინფორმაციას, აღნიშნულისთვის ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას", - განაცხადა საქმის პროკურორმა.