საქართველო 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ძიუდო

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთიმ და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ნოზაძემ მოაწერეს.

კონტინენტის პირველობა თბილისში 2026 წლის 23-26 აპრილს გაიმართება და ტურნირზე ევროპის არაერთი უძლიერესი ძიუდოისტი იასპარეზებს.

ლასლო ტოთისთან შეხვედრისას სპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ევროპის ჩემპიონატს სათანადოდ უმასპინძლოს. შალვა გოგოლაძის თქმით, კონტინენტის პირველობის თბილისში ჩატარება საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება როგორც ქართული სპორტის, ასევე ქვეყნის პოპულარობაზე.