სად და როდის გაიმართება ევრობასკეტი 2025

ევრობასკეტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ცუდად დაიწყო და კარგად დაასრულა: პირველი მატჩი დანიაში წააგო (69:75) და 21 თებერვალს სწორედ დანიის ძლევით (62:60) მოიპოვა ევრობასკეტის საგზური. ჩვენს გუნდს 24 თებერვალს მატჩი სერბეთში ელის, თუმცა მის შედეგს ცხრილზე გავლენის მოხდენა აღარ შეუძლია, მიზანი უკვე მიღწეულია.

ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს ფინალური მატჩით დასრულდება. შეჯიბრებას ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს: კვიპროსი, პოლონეთი, ფინეთი და ლატვია.
24 გუნდი სხვადასხვა ქვეყანაში, ოთხ ჯგუფში განაწილდება და წილისყრა გაარკვევს, რომელ ქვეყანაში მოუწევს საქართველოს ნაკრებს თამაში. ცნობილია წილისყრის თარიღიც – 27 მარტი, რიგა, ლატვია.

ექვსგუნდიანი ყოველი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 4-4 საუკეთესო გავა. ბრძოლა 1/8-ფინალში გაგრძელდება. პლეი ოფის სათამაშოდ ნაკრებები თავს ლატვიაში მოიყრიან.

შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ცნობილია 20 ფინალისტი:

კვიპროსი, ლატვია, ფინეთი, პოლონეთი (მასპინძლები), სერბეთი, ლიეტუვა, სლოვენია, ისრაელი, თურქეთი, იტალია, ესპანეთი, ბელგია, საბერძნეთი, საქართველო, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, პორტუგალია.