როგორ შეძლებთ საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების შეძენას - დეტალურად

საქ-ესპ

UEFA EURO 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი.

პორტალზე შესასვლელად, საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად, დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას, უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე. ერთ მომხმარებელს ესპანეთისა და საქართველოს მატჩზე მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:

პირველი კატეგორია - 200 ევრო
მეორე კატეგორია - 150 ევრო
მესამე კატეგორია - 60 ევრო
მეოთხე კატეგორია - 30 ევრო

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.
სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე ერთი დღით ადრე მიიღებთ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს 30 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.