ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ მარტივი თამაში იქნება - ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ფუენტე

ხვალ, ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ვგრძნობთ, თუ არა თავს ფავორიტებად? ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ამ შეგრძნებებს. რაც გასახდელის გარეთ ხდება, ვერ გავაკონტროლებთ. ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ მარტივი თამაში იქნება. საქართველოს საკვალიფიკაციო ეტაპზე შევხვდით და ვიცით, რომ მარტივი გუნდი არ არის. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ. გამარჯვებისთვის, უშეცდომო მატჩის ჩატარება მოგვიწევს.ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ. ცვლილებები ყოველთვის არის თამაშის გეგმასთან დაკავშირებული.

ვაკვირდები, ფეხბურთელები მთელი პერიოდის განმავლობაში თავს როგორ გრძნობენ. ყველა მწყობრშია და ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან.ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ განსხვავებულ ევროპის ჩემპიონატზე ვარ და განსხვავებული შეგრძნების დაჭერა გვჭირდებოდა. ფეხბურთელებს ყველა ვარჯიშის შემდეგ მადლობას ვეუბნები და ახლაც ასე იყო. მოედანზე მაქსიმალური ინტენსივობა გვჭირდება, რადგან ამის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ. ლამინე იამალს ყოველდღიურად ბევრს ვესაუბრები.

მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ძალიან ახალგაზრდაა. ის მხოლოდ და მხოლოდ 16 წლისაა, თუმცა, მოედანზე აჩვენებს, თუ როგორი მომწიფებულია, განსაკუთრებით თავის ასაკთან შედარებით.7:1? ხვალინდელი მატჩი განსხავებული იქნება. საქართველომ დაამტკიცა, რომ ამ ეტაპზე ყოფნას იმსახურებს. სანიოლმა თქვა, რომ ამ 7:1-ის შემდეგ გუნდი გაიზარდა და სწორედ ამიტომ არიან აქ. ხვალ განსხვავებული შეხვედრა იქნება, უფრო რთული და მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. მათ პორტუგალია დაამარცხეს, ჯგუფიდან გავიდნენ და ეს დაიმსახურეს. მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ. ფეხბურთში ბევრი სიურპრიზი გვინახავს. არ აქვს მნიშვნელობა ფავორიტები ვართ, თუ არა. ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. საქართველომ პორტუგალიას მოუგო და ამით დაამტკიცეს, რომ ნებისმიერთან შეუძლიათ გამარჯვება.

ამ მატჩს დიდი იმედით ვუყურებთ, მაგრამ ასევე გვინდა, რომ მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ. საბოლოო შედეგს ყველა ერთად ვნახავთ, წინასწარ შედეგს ვერავინ იწინასწარმეტყველებს. კონტრშეტევები? მათ დაცვიდან შეტევაში გადასვლა სწრაფად შეუძლიათ, ეს მათი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა და ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბურთს დავეუფლოთ და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. ვიცით, რომ კონტრშეტევებზე კარგად თამაშობენ და ეს ყველაზე სახიფათო იქნება მათი მხრიდან. ასევე, ჰყავთ მაღალი ფეხბურთელები და სტანდარტულებზეც ყურადღებით უნდა ვიყოთ.ხვალ ყვითელ ბარათებზე და დისკვალიფიკაციებზე არ ვიფიქრებთ, გვინდა, რომ გავიმარჯვოთ და ამას ნებისმიერი გზით ვეცდებით.როგორ შევაფასებ საქართველოს? გირჩევთ, ის ვიდეოები ნახოთ, როდესაც მე ფეხბურთს ვთამაშობდი. ქართულ ფეხბურთს კარგად ვიცნობ. 2015 წლიდან, როდესაც ახალგაზრდულ ნაკრებებში ვმუშაობდი, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდულ გუნდებს ბევრჯერ შევხვდი.

ახლა ეს ფეხბურთელები ევროპულ გუნდებში თამაშობენ. სანიოლთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემსავით, ისიც ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობდა და თითქმის ერთი გზა გავიარეთ. მან შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა და საქართველოსთან თამაში ყველას უჭირს. ბედნიერი ვარ, რომ ხვალ მას კიდევ ერთხელ შევხვდები. ის, რასაც საუკეთესოდ ვაკეთებთ, უფრო უკეთ უნდა გავაკეთოთ. თავდასხმაში უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ და ბურთი გავაკონტროლოთ. ფეხბურთელებს უნდათ, რომ ჩვენს სტილს მაქსიმალურად უნდა მივყვეთ. ამასთან, უნდა ვუფრთხილდეთ კონტრშეტევებს, ამაში ქართველები ნამდვილად სახიფათოები არიან.

მამარდაშვილის სიტყვები? ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მან კვარაცხელია შეაქო და ეს ბუნებრივია, რადგან მისი თანამემამულეა. მეც მჯერა, რომ ჩემი ფეხბურთელები მსოფლიოში საუკეთესოები არიან, თუმცა, ასევე პატივი უნდა ვცეთ სხვა ეროვნების ფეხბურთელებსაც, მათ შორის საქართველოს ნაკრების.ველით, რომ მეტოქის მცველები ჩვენი ფეხბურთელების გასანეიტრალებლად ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ვეცდებით, რომ მათ ინდივიდუალურად სიურპრიზები და სიახლეები შევთავაზოთ.“ - თქვა პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე კიოლნში გაიმართება.