რატომ დაწესდა მუნდიალზე „წყლის შესვენება“ – ახალი აუცილებლობა ფეხბურთში

მატზცი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ შენიშნეს ე.წ. „წყლის შესვენებები“, რომლებიც მატჩის მიმდინარეობისას ინიშნება. ბევრი კითხულობს, რატომ აჩერებენ თამაშს რამდენიმე წუთით და რა აუცილებლობა არსებობს ამისთვის.

რას ნიშნავს „წყლის შესვენება“?

წყლის შესვენება არის მოკლე პაუზა, რომლის დროსაც ფეხბურთელებს შესაძლებლობა ეძლევათ დალიონ წყალი, დაისვენონ და ორგანიზმი გადახურებისგან დაიცვან. ეს შესვენება, როგორც წესი, გრძელდება 1-3 წუთი და ინიშნება მაშინ, როდესაც ამინდის პირობები განსაკუთრებით მძიმეა.

რატომ გახდა საჭირო?

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ზოგიერთი მატჩი იმ ქალაქებში იმართება, სადაც ზაფხულში ტემპერატურა 35-40 გრადუს ცელსიუსს აღწევს, ხოლო მაღალი ტენიანობა სიცხის შეგრძნებას კიდევ უფრო აძლიერებს.

სპორტული მედიცინის სპეციალისტების თქმით, ასეთ პირობებში ფეხბურთელები დეჰიდრატაციის, გადახურებისა და სითბური დარტყმის რისკის ქვეშ არიან. სწორედ ამიტომ, FIFA-სა და სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციით, საჭიროების შემთხვევაში მატჩში წყლის შესვენებები ინიშნება.

შესვენება ავტომატურად არ ტარდება ყველა მატჩში. გადაწყვეტილება მიიღება ამინდის პირობების შეფასების შემდეგ. თუ სპეციალური ინდექსები აჩვენებს, რომ სიცხე და ტენიანობა მოთამაშეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მსაჯი მატჩის თითოეულ ტაიმში ერთხელ აჩერებს თამაშს.

როგორც წესი, ეს ხდება: პირველი ტაიმის დაახლოებით 30-ე წუთზე; მეორე ტაიმის დაახლოებით 75-ე წუთზე.

მთავარი მიზანი ფეხბურთელების ჯანმრთელობის დაცვაა, თუმცა მწვრთნელები ამ დროს მოკლე მითითებების მიცემასაც ახერხებენ. მიუხედავად ამისა, ეს არ ითვლება ოფიციალურ ტაიმ-აუტად და მატჩის დრო შესაბამისი რაოდენობით ემატება.

კლიმატის ცვლილებისა და ექსტრემალური სიცხეების გახშირების ფონზე, სპორტული ორგანიზაციები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ სპორტსმენების უსაფრთხოებას.

წყლის შესვენებები უკვე არაერთ დიდ ტურნირზე გამოიყენება და, სავარაუდოდ, მომავალშიც ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი იქნება მაშინ, როდესაც მატჩები მაღალი ტემპერატურის პირობებში ჩატარდება.