რას ამბობს სომხეთის ნაკრების შემტევი საქართველოს ნაკრებზე

საქართველო/სომხეთი

სომხეთის ნაკრების შემტევმა, არტურ სერობიანმა, რომელიც ტირასპოლის „შერიფის“ ღირსებას იცავს, ერთა ლიგის პლეიოფის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის მზადებაზე ისაუბრა.

„ყოველთვის კარგი განწყობით ჩამოვდივარ ნაკრებში, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები. მთელი პასუხისმგებლობით ვემზადებით მოახლოებული მატჩებისთვის. ვიცით, რომ ძალიან რთული მეტოქე გვყავს. შევეცდებით, დადებით შედეგს მივაღწიოთ. პირველ რიგში, ერევანში გასამართი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ და მხოლოდ შემდეგ უნდა ვიფიქროთ საპასუხო მატჩზე. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე კარგი მატჩი ჩავატაროთ“, - თქვა არტურ სერობიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩები 20 მარტს ერევანში, 23 მარტს კი თბილისში გაიმართება.

ორმატჩიანი დუელის შედეგად გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების გათამაშებაში B დივიზიონში, ხოლო დამარცხებული - C დივიზიონში იასპარეზებს. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთთან გასამართი მატჩებისთვის მომზადება არასრული შემადგენლობით 17 მარტს დაიწყო. დღეიდან ვილი სანიოლის განკარგულებაში მის მიერ გამოძახებული ყველა ფეხბურთელი იქნება და საქართველოს ეროვნული გუნდი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს მზადებას.

წყარო: CrystalSport