ქართველი ტყვიის მსროლელი მარიამ აბრამიშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

მარიამ აბრამიშვილი

ხორვატიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ტყვიის მსროლელმა მარიამ აბრამიშვილმა 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში სოლო-ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ აბრამიშვილმა ფინალში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე სპორტსმენი ალიაკსანდრა პიატროვა ანგარიშით 15:14 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.

მარიამ აბრამიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა. მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ინდივიდუალურ ასპარეზობაში მარიამ აბრამიშვილი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ევროპის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს ვაჟ ტყვიის მსროლელთა ნაკრებმაც - გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, მათ ფინალში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 16:6 სძლიეს.

გუნდურ ჩათვლაში 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში ოქრო გოგონათა ნაკრებმა - მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით - მიიღო. მათ 1711 ქულა დააგროვეს, რაც ევროპის რეკორდია.

ქართველი ტყვიის მსროლელები ევროპის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.