ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა სპორტული წყვილი მსოფლიოს ჩემპიონია

მოციგურავე

უნგრეთში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

თავისუფალ პროგრამაში წყვილმა 121,83 ქულა დაიმსახურა, მოკლე პროგრამაში - 69,18 , ორი პროგრამის შედეგად დაგროვილი 191,01 ქულით კი ოქროს მედალი მოიპოვა.

2024 წელს ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ლუკა ბერულავამ იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი 2022 წელს მოიპოვა. მისი მეწყვილე კარინა საფინა იყო.

ამავე ტურნირზე ინგა გურგენიძე დღეს თავისუფალი პროგრამით წარდგა და ორი პროგრამის ჯამში მოგროვებული 183.04 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. მოკლე პროგრამაში მან სეზონის საუკეთესო შედეგი 67,47 ქულა აჩვენა და მცირე ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს პირველობაზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.