ფრანგი ეპისკოპოსები ოლიმპიადის გახსნაზე: ცერემონია, სამწუხაროდ, მოიცავდა ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებს, რის გამოც ძალიან ვწუხვართ

ოლიმპიადა

 ფრანგმა ეპისკოპოსებმა უკმაყოფილება გამოთქვეს პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე "ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებზე", რამაც ზოგიერთი კონსერვატორის განაწყენება და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მიმოხილვები გამოიწვია. ამის შესახებ France 24 წერს.

გახსნაზე შემოთავაზებული იყო "სილამაზის, სიხარულის, მდიდარი ემოციების მშვენიერი მომენტები და საყოველთაო აღიარებაც დაიმსახურა", - ნათქვამია საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის განცხადებაში.

„თუმცა, ეს ცერემონია, სამწუხაროდ, მოიცავდა ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებს, რაზეც ჩვენ ძალიან ვწუხვართ“, - აცხადებენ ეპისკოპოსები. როგორც France 24 წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეპისკოპოსები არ მიუთითებდნენ კონკრეტულ სცენაზე, პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო სეგმენტი სახელწოდებით "დღესასწაული", რომელიც დაიწყო მაგიდასთან მჯდომარე ჯგუფით, რამდენიმე დრაგ ქუინის მონაწილეობით, რომელიც მოგვაგონებდა საიდუმლო სერობას. ამ სეგმენტის მუსიკა ლესბოსელი აქტივისტის, დიჯეი ბარბარა ბუჩის მიერ იყო შექმნილი. "ჩვენ ვფიქრობთ ყველა ქრისტიანზე მთელს კონტინენტზე, რომლებიც შეურაცხყოფილი იყვნენ გარკვეული სცენების გადაჭარბებითა და პროვოკაციულობით. ვიმედოვნებთ, მათ ესმით, რომ ოლიმპიური დღესასწაული სცილდება რამდენიმე ხელოვანის იდეოლოგიურ მიკერძოებას", - დასძინეს ეპისკოპოსებმა.