ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე საქართველოს ნაკრების წარდგენა გაიმართა

ოლიმპიური ფესტივალი

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე საქართველოს ნაკრები წარადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდა სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კერესელიძე.

„ბაკურიან 2025“-ზე საქართველოს ღირსებას სამ სპორტის სახეობაში დაიცავს რვა სპორტსმენი: იასონ ვეზდენი (სამთო-სათხილამურო სპორტი), გიორგი ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი), ირაკლი ხერგიანი (სამთო-სათხილამურო სპორტი), გოგა გულედანი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ანასტასია მირიანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ნელი უსტიმენკო (სამთო-სათხილამურო სპორტი), ინგა გურგენიძე (ფიგურული ციგურაობა), შიო ქუჩუკიანი (ბიატლონი).

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან სამთო მოთხილამურეები გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო.

საქართველო 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს.

ასპარეზობები ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება. ოლიმპიურ ფესტივალზე რვა სპორტის სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 1000-ამდე სპორტსმენი.