მეცნიერები ასახელებენ სავარაუდო დროს, როცა დღე-ღამის ციკლი 25 საათი გახდება
1775156728
16 იანვარს მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა - ლაგოდეხში ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ ჯერ მოკლა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. ქალს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა, ბავშვების მამა კი დაკავებულია...
ახლა, ამ ობოლი ბავშვებისთვის თითოეული გალამაზებული დღე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად კი ის დღეები, როცა ამ ქვეყანას მოევლინენ. 28 თებერვალს და 6 მარტს ბიჭები თავიანთ დაბადების დღეებს იზეიმებენ, თუ მე, შენ - საზოგადოება გარდაცვლილი დედის, ნონა ჭაბაშვილის მეგობარს, ნინო ძნელაშვილს მხარში დავუდგებით და იუბელეებისთვის გარკვეულ თანხას გავიღებთ, თუნდაც სიმბოლურ ოდენობას...
"პრაიმტაიმი" ნონა ჭაბაშვილის მეგობარს ესაუბრა, რომელიც ცდილობს, პატარებს გრანდიოზული დაბადების დღე მოუწყოს. ამბობს, რომ მათი სანუკვარი ოცნება ფლეისთეიშენია, თუმცა ის ამ ოცნების ახდენას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს...
"ნონა ჩემი მეგობარი იყო, ერთ-ერთი შვილი ჩემი ნათლულია. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და მქონდა ინფორმაცია, შვილებთან დაკავშირებით რას გეგმავდა. ახლა, მათ ცხოვრებაში აქტიურად ვარ ჩართული. ვცდილობ, ყოველ კვირა ჩავიდე ხოლმე და ბავშვებს ცხოვრება გავუხალისო, ფსიქოლოგთანაც დაგვყავს.
ახლა, უფროსებს რამდენიმე დღეში დაბადების დღეები აქვთ. მინდა, გავახარო, მაგრამ არ მაქვს შესაძლებლობა, ეს დღეები გავულამაზო, ამიტომ საჯარო დახმარება ვითხოვე.
პატარებს დეიდაც გარდაცვლილი ჰყავთ, სამწუხაროდ, ის გაზით გაიგუდა და მის შვილს ნონა ზრდიდა. ბავშვებმა იცოდნენ, რომ დეიდა ანგელოზად გადაიქცა და ცაში გაფრინდა, ახლა დედაზეც ასე იციან. თუმცა, მონატრება ძალიან გაუმძაფრდათ და რა თქმა უნდა, ეს განცდა აწუხებთ.
მათ არ იციან, რომ დედა მამამ მოუკლათ. აქვთ ინფორმაცია, რომ მამამ რაღაც დააშავა და ის ამიტომ ციხეშია. მათ არ აქვთ წვდომა სოციალურ ქსელებთან და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ბევრი რამ რა თქმა უნდა, არ იციან, მათთან არ საუბრობენ ამ თემაზე. ბავშვები ნონას მშობლებთან და ბიძა-ბიცოლასთან იზრდებიან.
უფროსი 9 წლის ხდება, შუათანა 7-ის და პატარა მალე 4 წლის გახდება. ახლა, უფროსი ბიჭების დაბადების დღეები მოდის, მათი ოცნებაა PlayStation-ი, ე.წ. როლიკები და ველოსიპედი. მართალი გითხრათ, ყველაზე მეტად PlayStation-ის შეძენა მიჭირს... სხვა წვრილ-წვრილ ნივთებზე სხვადასხვა მაღაზიები გამოგვეხმაურნენ და ბავშვებს საჩუქრად გადასცემენ." - ამბობს ნინი ძნელაშვილი.
სოციალურ ქსელში ნინი ძნელაშვილის ინიციატივას მისი მეგობარი, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ნინუცა მაყაშვილი გამოეხმაურა:
"ალბათ ამ გოგოს ისტორია ყველამ იცით ეს არის ნონა ჭაბაშვილი რომელიც ყოფილმა “მეუღლემ” სიცოცხლეს გამოასალმა და ეს სამი ანგელოზი დედის გარეშე დატოვა ამ უსაყვარლეს ბავშიკებს მალე აქვთ დაბადების დღეები - 28 თებერვალს და 6 მარტს.
გვინდა, რომ ყველაზე გრანდიოზული დღესასწაული მოუწყოთ. ამაში თქვენი დახმარება დამჭირდება დაბადების დღის ცენტრების მფლობელებო, საბავშვო სათამაშოების მაღაზიებო და მეგობრებო, თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დამეხმარებით, ამ ბავშვებს ვაჩუქოთ დაუვიწყარი დაბადების დღეები.
დავდებ ჩემი თბს ანგარიშის ნომერსაც, ვისაც რამდენი გაგიხარდებათ იმდენი ჩარიცხეთ და გავახაროთ ეს ანგელოზები, მადლობა დიდი წინასწარ ყველას." - წერს ნინუცა მაყაშვილი.
ბავშვების დასახმარებლად შეგიძლიათ სასურველი თანხა ჩარიცხოთ ამ ანგარიშზე:
თიბისი ბანკის ანგარიში: GE68TB7446345063300002
მიმღები - ნინო მაყაშვილი
დანიშნულებაში მიუთითეთ #ბავშვებისთვის.
ცნობისთვის, ლაგოდეხში ნონა ჭაბაშვილი ყოფილმა მეუღლემ ჯერ მოკლა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, 35 წლამდე ქალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით მომხდარზე ერთი პირი დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნული იყო უწყების ინფორმაციაში.