„ცოლის მკვლელობის შემდეგ სიდედრთან მივიდა, სუფრა გააშლევინა“ - ახალი დეტალები ლაგოდეხში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის შესახებ

ქალი

„ნონას მკვლელობის შემდეგ, ჩვეულებრივად, სიდედრთან მივიდა, სუფრა გააშლევინა, ყავა და ნამცხვარი დააყოლა და მერე წავიდა" - ლაგოდეხში მოკლული ქალის ოჯახის ახლობლები.

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ, 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს.

მამაკაცის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, ირინა იჩუკაიძე ამბობს, რომ მხოლოდ ესქპერტიზის დასკვნის შემდეგ, ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა იქნება შესაძლებელი.

„ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან თითქმის ერთი საათი გავატარე, სრულიად ადეკვატური ახალგაზრდაა. ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ბრალის წარდგენის დროს, დუმილის უფლება გამოიყენა, სასამართლო პროცესზე, ბრალის დადგენილება რომ წაუკითხეს, დანაშაულს ვაღიარებო და პირჯვარს ისახავდა გამუდმებით. როცა საქმის მასალები გადმომეცემა, ექსპერტიზის დასკვნა იქნება და არსებითი განხილვა დაიწყება, მეც შევძლებ პოზიცია ჩამოყალიბებული მქონდეს" - განაცხადა იჩუკაიძემ.

გარდაცვლილი ნონა ჭაბაშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ლაგოდეხში, ნაქირავებ ბინაში მომხდარი ფაქტის შემდეგ, ბრალდებული სიდედრის ოჯახში ჩვეულებრივად მივიდა.

" სიდედრთან მკვლელობამდეც იმყოფებოდა, ბავშვები მიუყვანა, ლაგოდეხში გაბრუნდა, შვილი მოუკლა და ისევ უკან მივიდა ნამცხვარსა და ყავაზე. წარმოგიდგენიათ ასეთი სისასტიკე? შენი შვილების დედა ასე თვალისდაუხამხამებლად მოკლა, დედას მიაკითხო და თვალებში უყურო, თან სუფრაც კი გააშლევინო. ყველაზე მაღალი სასჯელიც ცოტაა, ბავშვების მდგომარეობა წარმოიდგინეთ ახლა. ნონას დედას მეორე ქალიშვილიც გარდაცვლილი ჰყავს, გაზით გაიგუდა, წლების წინ. ალბათ ამიტომ სცადა გაზით მოწამვლის ინსცენირება, იფიქრა, ვერ გაიგებენო"- ჰყვება ახლობელი.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ბარბაქაძემ, მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, რასაც წინ კონფლიქტი უძღოდა. ნონა ჭაბაშვილის მეზობლები ვარაუდობენ, რომ ბრალდებულს ეჭვები, შესაძლოა მისი ნარკოდამოკიდებულების გამო გასჩენოდა.

" მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ნარკოდამოკიდებული იყო და ოჯახში ამის გამო ხშირად იყო კონფლიქტი. ჩემი ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ამის გამო დაშორდა. შესაძლოა, რამე წარმოსახვაც ჰქონოდა, არ გამოვრიცხავთ. ნონა იყო არაჩვეულებრივი დედა და ადამიანი. უმძიმესი დანაკარგია ყველასთვის. ახლა პირველი რიგის საზრუნავი ბავშვები არიან", - ამბობს მეზობელი.

სამ მცირეწლოვანს, რომლებიც გარდაცვლილს დარჩა, უახლოეს მომავალში, კანონიერი წარმომადგენელი დაენიშნება.

არასრულწლოვნებზე ზრუნვის სააგენტოში განმარტავენ, რომ როდესაც დედა გარდაცვლილია და მამას თავისუფლება შეზღუდული აქვს, არასრულწლოვნების კანონიერ წარმომადგენელად, ოჯახის სხვა წევრი უნდა დაინიშნოს.

" ბებია, ბიძა, ნებისმიერი შეიძლება იყოს მათი წარმომადგენელი. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბავშვებთან ვამუშაოთ ფსიქოლოგი, განსაკუთრებით იმ შემთხვევისათვის, თუ სამართალდამცველები წარსულში მათი თანდასწრებით მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტებს დაადგენენ". - განმარტეს სააგენტოში.

გიორგი ბარბაქაძის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.

მანამდე ის, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმრობაში იმყოფება.

შეგახსენებთ, მკვლელობა ლაგოდეხში 15 იანვარს მოხდა.

გამოძიების მტკიცებით, გიორგი ბარბაქაძემ ყოფილი მეუღლე, ნონა ჭაბაშვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ინსცენირებისთვის, ნაქირავებ ბინაში გაზქურა ჩართული დატოვა.

გარდაცვლილი ქალი სახლში, საკუთარმა ძმამ იპოვა.

ნონა ჭაბაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა და მის სხეულზე ძალადობის კვალის აღმოჩენის შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი მეუღლე დააკავეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11' 109- ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.