დაფინანსება სტუდენტებს - თბილისის მერია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

puli

„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო  სემესტრის  სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერია განცხადებების მიღებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი  ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა და დახმარება სტუდენტებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„ყოველთვის დავდგებით ჩვენი ახალგაზრდების გვერდით, რათა ხელი შევუწყოთ მათ მომავალი წარმატებისთვის. შეგიძლიათ უკვე წარმოადგინოთ განაცხადები და ყველა ადამიანსა და ოჯახს გვერდით დავუდგებით, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წელს ფინანსური მხარდაჭერა 5 000-მდე სტუდენტს გაეწია.

განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო და  31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.