გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ფილმის – “დარჩი ჩემთან” პრემიერიდან 11 წელი გადის. ირანული მელოდრამა, „გრძელი ღამე”, ქართულ რიმეიქად, პროდიუსერმა დავით ბეჟიტაშვილმა აქცია. რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებლები თავად აარჩია. სხვა დანარჩენი ზაზა ურუშაძეს მიანდო და არც შემცდარა. ფილმმა კინოთეატრები წარმატებით მოიარა.
მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი მელოდრამის გადაღების შეთავაზებას თავიდან მაინცდამაინც არ მოუხიბლავს, ფილმი შედგა და მას დღესაც სიამოვნებით უყურებენ.
„დარჩი ჩემთან” ახალი სუნთქვის გახსნა იყო მთავარი როლის შემსრულებლისთვის, ლელა წურწუმიასთვის. მომღერალმა რამდენიმე კილო დაიკლო, საოცარ ფორმაში ჩადგა და გადასაღებ მოედანზე თავდაუზოგავად იშრომა.
ფილმის პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი, “პრაიმტაიმის” მკითხველს, ექსკლუზიურად უმხელს თემებს, რომელზეც აქამდე საჯაროდ არსად უსაუბრია.
დავით ბეჟიტაშვილი: – 2011 წლის 30 სექტემბერს საქართველოს კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა “დარჩი ჩემთან”.
ეს ის პერიოდია, როდესაც თანამედროვე ქართული ფილმების ბუმი იყო ჩვენთან. კინოთეატრებში სრული ანშლაგებით რომ მიდიოდა ჩვენებები. ძირითადად, იმ პერიოდში კომედიებს იღებდნენ რეჟისორები.
მაყურებელი მელოდრამებით არ იყო განებივრებული.
70-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო ირანული ფილმი “გრძელი ღამე”, რომელშიც მთავარ როლს ირანელი მომღერალი, გუგუში ასრულებდა. ეს იყო მუსიკალური მელოდრამა და სიმღერებს თავად გუგუში ასრულებდა. ფილმი ძალიან მიყვარდა და ვიფიქრე, მოდი, ამ ფილმის ქართულ ადაპტაციას გავაკეთებ-მეთქი.
ძალიან მინდოდა ფილმი ზაზა ურუშაძეს გადაეღო. იმ დროს ახალი გამოსული იყო მისი “სამი სახლი”. მოკლედ, ვგიჟდები ამ ფილმზე, ვგიჟდები ზაზაზე. იმ დროს უკვე “მანდარინების” გადასაღებად ემზადებოდა, დეკორაციები მზად ჰქონდა, მაგრამ შეჩერებული იყო… და ბედად, თავისუფალი აღმოჩნდა.
შევხვდი კინო “რუსთაველში” და გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს წინადადებას მთლად აღტაცებით არ შეხვედრია. მელოდრამა ჩემი არ არის, არ გადამიღიაო, მითხრა, მაგრამ დავითანხმე და გადაწყდა, რომ ფილმი შესვენების გარეშე, 34 დღეში უნდა გადაგვეღო.
ნახა ირანული ვერსია, ადაპტაცია თამარ ბართაიასთან ერთად გააკეთა, სცენარში ბევრი რამ შეცვალა კიდეც.
ვუთხარი, რომ მთავარ როლზე ლელა მინდოდა, მის პარტნიორად კი დამწყები მსახიობი, რომლის დებიუტიც ამ ფილმში შედგებოდა. დანარჩენზე არ ჩავერეოდი.
იმ პერიოდში ამ როლისთვის ლელა წურწუმიას გარდა, სხვა ვერავინ წარმომედგინა. არ მინდოდა, რომ სხვას ეთამაშა და სულ სხვისი სიმღერა დაგვედო.
თქვენთან საჯაროდ ვამბობ პირველად, რომ ამ როლისთვის ზაზას ნატა მურვანიძე უნდოდა… მარწმუნებდა, რომ ამ ფილმში მას ხედავდა და ძალიან მაგარი იქნებოდა. ვეთანხმებოდი, მაგრამ ჩემი მხრივ, მეც ვარწმუნებდი, რომ ნატოს სხვა მომღერლის ნამღერზე პირი უნდა გაეღო, რაც მე არ მინდოდა.
პროდიუსერის უფლებები „ცუდად“ გამოვიყენე და ჩემი გავიტანე. ქალბატონი ქეთის (ლელას გმირი) პარტნიორი ბიჭის როლის შემსრულებელიც მე უნდა შევარჩიო-მეთქი, ვუთხარი. სხვაში არც არაფერში ჩავრეულვარ. ორი დღის გარდა, იმ 34 დღის მანძილზე, გადასაღებ მოედანზე არ მივსულვარ. ან როგორ შეიძლებოდა ზაზას გვერდით დავმჯდარიყავი და შენიშვნა მიმეცა. ამიტომ დასაწყისში გვქონდა პატარ-პატარა “ჭიდაობები”.
პირველად ვამბობ იმასაც, რომ თავიდან ბიჭის როლზე ლაშა ჯუხარაშვილი მოიაზრებოდა.
ლაშას როლზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა კიდეც. დადიოდა კლინიკებში და სიმსივნით დაავადებულებს აკვირდებოდა. მერე გარკვეული მიზეზის გამო, სიტუაცია შეიცვალა და გავაგრძელე მთავარი გმირის შემსრულებლის ძებნა. რთული აღმოჩნდა.
ბოლოს, როლანდ ოქროპირიძემ რეკომენდაცია გაუწია პაატა ინაურს და „სამეფო უბნის თეატრსა“ და „მარჯანიშვილის თეატრში“, მე და ოთარ მიქელაძე (ის კონსულტანტობას მიწევდა), მის სპექტაკლებს დავესწარით, შემდეგ ის გავიცანით და დავამტკიცეთ კიდეც როლზე.
მართლა უნიჭიერესი ბიჭი აღმოჩნდა. ეს ფილმი მის მხრებზე დგას. იმდენად ორგანულია, რომ მისი გმირის მიმართ თანაგრძნობა გიჩნდება.
ლელა, მანამდე, “გარიგება 2”-ში მყავდა მიწვეული, სადაც კომიკური სახე შექმნა, მაგრამ ამ ფილმში („დარჩი ჩემთან“) დიდი შრომისუნარიანობა გამოავლინა. 34 სამუშაო დღიდან 30-ის გადაღება ღამით მიდიოდა. არც ერთი დასვენების დღე არ ჰქონია. მოასწრო და ჩადგა ფორმაში, ძალიან გახდა. როლისთვის თავგანწირვა ჰქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ მეორე სუნთქვა გაეხსნა ამ ფილმით.
ფილმის ოპერატორი ცხონებული გიორგი ბერიძე გახლდათ, საუკეთესო კინოოპერატორი. მხატვარი გოგი მიქელაძეა, რომელიც საკულტო ქართული ფილმების მხატვარი გახლავთ. ჩემთვის ასეთ ხალხთან ერთად ფილმის გაკეთება დიდი სკოლა და გამოცდილება იყო.
რუსა მორჩილაძისთვის ეს იყო პირველი ნამუშევარი კინოში. მართლა კარგი მუსიკალური თემები დაწერა. მისი სიმღერები ამ ფილმიდანაც გაჰიტდა.
პრემიერაზე სავსეა კინო “რუსთაველი”, გადის ფილმი და მე და ზაზა არ ვართ დარბაზში. მთელი საათი და 20 წუთის მანძილზე, ნერვულად დავდიოდით ფოიეში და ადგილს ვერ ვპოულობდით. თავს შევყოფდი კარში, ძალიან ვღელავდი.