1734813647
უიტნი ჰიუსტონის დედა გარდაიცვალა
მომღერალი და გრემის ჯილდოს მფლობელი, სისი ჰიუსტონი, რომელმაც წარმატებული კარიერა შექმნა, 7 ოქტომბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, გარდაცვალების მიზეზი ალცჰაიმერის დაავადება გახდა.
მომღერალმა სისი ჰიუსტომა სიმღერა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 5 წლის იყო. ის ძმებთან ლარისთან და ნიკისთან ერთად, მშობლების, ნიჩ და დელია მეი დრინკარდების მიერ დაფუძნებული ვოკალური ჯგუფის, Drinkard Four-ის წევრი გახდა. მოგვიანებით ბენდს ოჯახის სხვა წევრები ლი უორიკი, ენ დრინკარდ მოსი და მერი დრინკარდ ეპსი შეუერთდნენ, ბენდის სახელი კი Drinkard Singers გახდა. ჯგუფი ძირითადად გოსპელის ჟანრში მღეროდა.
1963 წელს, უიტნის დაბადების შემდეგ ჰიუსტონი არენბი ბენდ The Sweet Inspirations-ს აფუძნებს. მომღერლებისგან შემდგარი ჯგუფი წლების განმავლობაში ბექ ვოკალ პარტიებს მღერის ისეთ ლეგენდარულ არტისტებთან ერთად, როგორებიც ელვის პრესლი, დასტი სპრინგფილდი, არეტა ფრანკლინი, ოტის რედინგი და ჯიმი ჰენდრიქსი არიან.
1970 წლიდან ჰიუსტონი სოლო კარიერას იწყებს. გამოდის მისი ალბომი Presenting Cissy Houston. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ჩათვლით მომღერალმა 10 სოლო ალბომი გამოუშვა.