1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჯერ მამა, შემდეგ დედა - ძალიან მძიმე აღმოჩნდა 34 წლის ნინი შერმადინისთვის ერთდროულად ორი საყვარელი ადამიანის დაკარგა. რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად მომღერალი თავს არ ზოგავს იყოს ისეთივე მხიარული გოგო, როგორიც ფართო ადუდიტორიამ დიდი ხნის წინ გაიცნო. ამ ეტაპზე ცხოვრობს ამერიკაში და საკუთრი თავისა და შვილებისთვის ეწინააღმდეგება დინებას - ამერიკა ხომ ოცნებების ასრულებისა და თვითრეალიზების ქვეყანაა.
გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „თბილისელების“ ინტერვიუდან:
– ბოლო დროს შენს ცხოვრებაში ძალიან არასასიამოვნო ამბები მოხდა. ვგულისხმობ მშობლების უეცარ გარდაცვალებას, რამაც ბუნებრივია, ძალიან დაგთრგუნა, დეპრესიაში ჩაგაგდო. ვიცი, გიმძიმს ყველაფრის თავიდან გახსენება, მაგრამ მოგვიყევი რა მოხდა.
– ჯერ მამას ავადმყოფობის ამბავი გავიგე, ფილტვის სიმსივნე დაუდგინდა. სასწრაფოდ გადავფრინდი სტამბოლში, იმის იმედად, რომ რამე უკეთესს ეტყოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ექიმმა სიცოცხლის 3-6 თვე მოგვცა. მეტასტაზები უკვე ყველგან იყო წასული. მარტში, პანდემიის დროს ვნახე, აქეთ მამშვიდებდა მომაკვდავი კაცი, - მამი, ნუ გეშინია, კარგად ვიქნებიო. მეც მჯეროდა ამის. 11 აპრილს სამსახურში ვიყავი, ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ მამა აღარ იყო. როგორ გამოვედი ქუჩაში, არ მახსოვს. ვერ წამოვედი – საზღვარი იყო ჩაკეტილი. ნოემბერში მე ამერიკაში დამემართა კოვიდი, დედაჩემს კი – თბილისში. დედას ხშირად ვერც ველაპარაკებოდი, იმიტომ რომ სულ მეძინა, ცუდად ვიყავი. როცა ველაპარაკებოდი, ვარიგებდი რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არაფერს მიჯერებდა. უცებ დამძიმდა და საავადმყოფოში დააწვინეს. რამდენიმე დღეში ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს და საუბედუროდ, იქ დაასრულა სისოცხლე. ვერც მოვეფერე, ვერ მოვასწარი მისთვის მეთქვა, როგორ მჭირდება და როგორ მიყვარს.
22 დეკემბერს დედა გარდაიცვალა. მე იმ დღეს ჩამოვფრინდი, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა. იმ დღიდან სამყარო ნაცრისფერი გახდა. მართლა ნაცრისფრად ვხედავდი ყველაფერს. უემოციო და ცარიელი გავხდი. ასე გადიოდა თვეები. სინანულის გრძნობა არ მასვენებდა, თითქოს ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე. ძალიან მძიმე დეპრესია დამემართა, იმდენად მძიმე, რომ ფსიქიატრთან სიარული დამჭირდა, ანტიდეპრესანტები, ნევროლოგი, ფსიქოლოგი - ყველასთან ერთდროულად დავდიოდი. ნუ მომაყოლებთ, რა ფიქრები მქონდა, არაა საჭირო. 8 თვე არც სამსახურში წავსულვარ, არც მიმღერია. გარეთაც არ გავდიოდი. მერე ნელ-ნელა მოვედი აზრზე. ვაიძულე საკუთარი თავი, ფეხზე ავმდგარიყავი. დღეს ისევ ვიღიმი, ისევ მღერი და ისევ ის ნინი ვარ, ვინც აქამდე იცოდით, უბრალო უფრო სევდიანი, ვიდრე აქამდე იყო.
როცა ახსენე, - ისე ვგრძნობ თავს, თითქოს მე ვიყავი ყველაფერში დამნაშავეო - რა იგულისხმე, რასაც ნანობ ცხოვრებაში?
– ვნანობ იმას, რომ თუ ასე მალე უნდა დამეკარგა მშობლები, ნეტა უფრო მეტი დრო გამეტარებინა მათთან, უფრო მეტად მოვფერებოდი ან სულაც, არსად წავსულიყავი. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ მქონდეს ბევრი ფული, რათა გაჭირვებულ ადამიანს დავეხმარო.
მოხუცთა თავშესაფარს და ბავშვთა სახლს გავაკეთებდი, სადაც ყველანაირი პირობა ექნებოდათ, ისწავლიდნენ და ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ. მოხუცებს კი, ჩემს სითბოსა და სიყვარულს არ მოვაკლებდი. ესაა ჩემი ოცნება და იმედია, აუცილებლად ამიხდება. ოცნებები სრულდება თუ ამას მიზნად დაისახავ, აუცილებლად სრულდება!