საქართველოს დელეგაცია კანის კინოფესტივალზე წარმატებულ შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს დელეგაცია კანის კინოფესტივალზე

ქართული დელეგაციის წევრებმა კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას, ხელმძღვანელობით კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მიმდინარეობისას კინოს სფეროს წარმომადგენლებთან წარმატებული შეხვედრები გამართეს.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჰარშად ბჰაგვატს (IIFTC-ის დირექტორი, CinePort Magazine-ის რედაქტორი და გამომცემელი). მასთან საუბარი შეეხებოდა ქართული ფილმების უცხოურ პლატფორმებზე წარდგენასა და პოპულარიზაციას. იგი ასევე გაეცნო Film in Georgia-ს პირობებს.
შეხვედრა გაიმართა ფატიმა მუშარბეკთან (ორგანიზაცია FANN-ი), რომელიც დაინტერესდა Sarja international film festival for youth-პანელზე ქართველი ფილმმწარმოებლების შეთავაზებებით. იგი ფესტივალზე წარსადგენად ქართულ პროექტებს გაეცნო.

ქართულ პროექტებს გაეცნო შერი რამაჟიც (Asia pacific screen awards). კიტ რივერსთან შეხვედრისას განიხილეს ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმების საქართველოში გადაღების შესაძლებლობები.
ანა-კატრინა გერსონთან (B3 Festival of the Moving Image 2024 Storytelling in Film, Art, Games, VR & Al) საუბარი შეეხებოდა ქართული ფილმების ფესტივალზე წარდგენას. იგი გაეცნო საქართველოს კატალოგსაც.

ვინსენტ ჩაბრილატისთან (ONE Country ONE Film) ქართული დელეგაციის წევრებმა განიხილეს ფესტივალზე ქართული ფილმების წარდგენის საკითხი. ვინსენტ ჩაბრილატიმ ქართულ კინოთეატრებთან თანამშრომლობისადმი ინტერესი გამოხატა.

დელეგაციის შეხვედრა პიტერ მეტსონთან (nordic film institute) კოპროდუქციის წარმოებას შეეხებოდა.
ჯერომ პლაზი (კომპანია Cinecroisette) ფესტივალზე წარსადგენად ქართულ პროექტებს გაეცნო.
ფრანგ პროდიუსერ ფრანსუა დარტემართან შეხვედრაზე საქართველოში სამუშაო შეხვედრების ან ფესტივალის ჩატარების შესაძლებლობები განიხილეს.

ფესტივალის დირექტორი ალბერტო ლა მონიკა (Festival Del Cinema Europeo) გაეცნო თანამედროვე ქართულ პროექტებს ფესტივალზე წარსადგენად.

უკრაინის წარმომადგენელი კატერინა გაიდუკი (Up Hub) გაეცნო ქართულ პროექტებს შესაძლო დისტრიბუციისთვის.

შეხვედრა სანდენსის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის წარმომადგენელ სტეფანი ოუენსთან ქართული პროექტების ფესტივალზე წარდგენის საკითხს შეეხებოდა.

შეხვედრა გაიმართა პროდიუსერსა და „ალპინ ფილმ ფესტივალის" დირექტორთან, მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრ დენ ბურლაკთან.

ტრიესტის კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლეტა რომეო გაეცნო ქართულ პროექტებს ფესტივალზე წარსადგენად.

ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა რეჟისორსა და პროდიუსერ ფლავიო ერმარიოსთან (კომპანია Poetika) საქართველოში შესაძლო საახალწლო/საოჯახო ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
სცენარისტსა და რეჟისორ ვიქტორ რიბეიროსთან შეხვედრაზე საუბარი გაიმართა საქართველოში შესაძლო გადაღებების შესახებ.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაცია ფესტივალის მიმდინარეობისას კინო სფეროს კიდევ არაერთ წარმომადგენელს შეხვდება.

როგორც ცნობილია, 14-25 მაისს ქ. კანი მასპინძლობს 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელშიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი პავილიონით მონაწილეობს. კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარდგენილი საქართველოს პავილიონი წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.

ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით კინოცენტრის დელეგაციაში არაერთი ქართველი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე, ქვეყნის კინოწარმოების განსავითარებლად. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას.

კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეკლამირება/პოპულარიზაცია. ამ მიზნით საქართველოს პავილიონში ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“ - წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მიმდინარე წლის მარტში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინო ბაზრობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოაცხადა, რომლის შედეგადაც კინოფესტივალის ბაზრობაზე რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილისა და პროდიუსერ ლაშა ხალვაშის ფილმის, ,,მოქალაქე წმინდანის“, ჩვენება გაიმართება. ფილმი გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და არის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.

ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის კინოკომპანიებთან, პროდიუსერებთან, საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამების შემდგენლებთან და არაერთი ერთობლივი პროექტი დაგეგმეს.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.