"რომ ხედავ და ბედნიერდები, ხომ იცით?! ასე ვარ. ურთიერთობის დასაწყისია..." - ნუცა თოფურია თავის პირადზე გვიყვება

tofuria

"მოგატყუებთ რომ ვთქვა, კონცერტი ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა-მეთქი" - "პრაიმტაიმთან" საუბარს გულახდილად იწყებს ნუცა თოფურია. ლამაზი მომღერლის პირველი ალბომიცა და კონცერტიც მისმა გულშემატკივარმა ოქტომბერ-ნოემბერში იხილა. 

საპრეზენტაციო ალბომის სოლო კონცერტზე ყველა დეტალს ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევდა, რამაც ემოციურად გადაღალა.

ნუცა თოფურია: ვარ მაქსიმალისტი და პერფექციონისტი და ნებისმიერ დეტალს მიაქვს ჩემი ყურადღება. ბენდს, დარბაზს, სცენას, განათებას - ყველაფერს ვუყურებდი და ბოლომდე ჩართული ვიყავი. ამან ხომ გადამღალა და დამძაბა. შენ ამ ყველაფერზე არ უნდა იფიქროო, მირჩიეს. მარინა ბერიძემ, კონცერტის წინ, ყველა გაუშვა საგრიმიოროდან, ნახევარი საათი მარტო დამტოვა. ამ ნახევარ საათში მარტო ხომ სულ გავგიჟდი! ბენდის ბიჭები ალკოჰოლური სასმლის დალევას მთავაზობდნენ, ეს სტრესი რომ მომხსნოდა. მაგრამ არ დამილევია. 

ძალიან იდეალურად მინდოდა ყველაფერი და როდესაც კონცერტის შემდეგ, ხალხმა მითხრა, რომ საოცარი საღამო იყოო, გაოცებული ვუყურებდი, ცოტა ხომ არ ამეტებენ-მეთქი. მაგრამ შემდეგ, როდესაც დავლაგდი, მივხვდი, რომ კარგი კონცერტი იყო, თუმცა ჩემთვის, მაქსიმალისტი ნუცა თოფურიასთვის, ვერ იყო ისეთი, როგორიც მას უნდოდა. ობიექტურად - სასიამოვნო, თბილი კონცერტი გამოვიდა. დარბაზში ყველა გაღიმებული სახით იჯდა და მიყურებდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საახალწლოდ ბევრი კონცერტი მაქვსო, გვითხრა. მალე "ნიუტონთან" ერთად ისრაელში გამართავს კონცერტს. 

"ყველაზე მეტად რაც მიყვარს, ეს არის რეგიონების კონცერტები, რადგანაც იქ ხალხი გულწრფელად გამოხატავს თავის ემოციას და გრძნობას. ეს ჩვენთვის, მომღერლებისთვის და მუსიკოსებისთვის, ძალიან სასიამოვნოა.

საახალწლოდ ოჯახთან ერთად უნდა ვიყო. ეს ტრადიციაა. 31 დეკემბერს საირმეში მაქვს კონცერტი და ოჯახიც თან მიმყავს. დედა, მამა და უფროსი ძმა ახალი წლის ღამეს ჩემთან ერთად იქნებიან. ბოლო ოთხი წელია, ახალ წელს სახლში არ ვარ, თუმცა შევხვდები, ჭიქებს მივუჭახუნებ ოჯახის წევრებს და გავრბივარ...

ბედობა, შობა და ძველით ახალი წელი ოჯახის გარეშე არ არსებობს ჩემთვის..." - ამბობს მომღერალი.

და კითხვას, რომელიც მკითხველს და მსმენელს ერთნაირად აინტერესებს - რა ხდება ნუცას პირად ცხოვრებაში, ასეთი პასუხი მოჰყვა.

ნუცა თოფურია: - კონცერტამდე ვამბობდი, არავინ და არაფერი არ მინდა-მეთქი, მთლიანად კონცერტზე ვიყავი კონცენტრირებული და 26 ნოემბრის შემდეგ, შეიძლება პირად ცხოვრებაზე ვიფიქრო-მეთქი.

იცით, რა: ისეთი არაფერი ხდება აღნიშვნად რომ ღირდეს. ურთიერთობის დასაწყისია და ვნახოთ, როგორ განვითარდება. ჯერ ვერაფერს ვამბობ. თან მეგობრობაა, თან არ არის მეგობრობა. არა, რა მეგობრობა ეს არის, ახლა? მგონი, არ არის მეგობარი-მეთქი, თავს ვუტყდები. არ ვიცი, რა ჰქვია ამას. რაღაცნაირად ბედნიერი ვარ. რომ ხედავ და ბედნიერდები, ხომ იცით?!

მუსიკოსი არ არის. მე ვამბობ, რომ გვერდით ჩემი პროფესიის ადამიანი არ მინდა. მაგრამ რომ დაფიქრდე, შენი პროფესიის ადამიანი ყველაზე კარგად გაგიგებს, მით უფრო, ამ რეჟიმის დროს, ხან სად ვარ, ხან - სად. კარგი მსმენელი და მშვენიერი მელომანია. 

თაყვანისმცემელი ყველას აბედნიერებს, მაგრამ მე ზედმეტ ყურადღებას, უცნაურად ვიღებ. მეუხერხულება და თავს შორს ვიჭერ. როდესაც ვიცი, რომ ტყუილ-უბრალოდ "ირჯება", არ ვაძლევ გასაქანს. ასეთ დროს საჩუქარიც უკან დამიბრუნებია.

- და რას ელოდება 2023 წელს?

- გული მიგრძნობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, პირველად მაქვს ეს გრძნობა. ალბათ, ეს სასიამოვნო შეგრძნება ჩემმა კონცერტმა მომიტანა. მგონია, რომ ჩემს ცხოვრებაში დიდი ამბები უნდა მოხდეს. თანაც ჩემი წელი მოდის - კატა-კურდღლის და ვნახოთ.