„არ იცით, ახლა ჩემს გულში რა ხდება. მართლა ძალიან გამიმართლა“ - რა სიურპრიზი აქვს ნუცა თოფურიას

nutsu

26 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრში ნუცა თოფურიას სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი იგეგმება. ალბომი სახელწოდებით „მოვალ“ „ბრავო რექორდსმა“ გამოუშვა და 26 ოქტომბერს ჟურნალისტებისთვის პრეზენტაცია გამართა. ტრადიციულად მოეწყო დისკზე ხელმოწერის ცერემონიალი. ნუცამ პრეზენტაციაზე ალბომიდან ორი სიმღერა შეასრულა.

ნუცა თოფურია პოპულარული გახდა პროექტით „მხოლოდ ქართული“. მუსიკალური პროექტის ფინალისტმა მალე მოიგო მსმენელის გული. თუმცა სცენაზე გაცილებით ადრე, შვიდი წლიდან დგას. საბავშვო პროექტ „ანა- ბანას“ გრან-პრი რომ მოიგო, ათი წლისამ. შესაბამისად, მისი ამ პროექტის მუსიკალური პროდიუსერი მარინა ბერიძეა.

როგორც „ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია ამბობს, ამ ალბომს მსმენელი დიდი ხანია ელოდება.

ზაზა შენგელია: - ვფიქრობ, ეს ალბომი იქნება ძალიან პოპულარული. მსმენელი მას კარგა ხნის მანძილზე ელოდებოდა. მისი გამოშვება გაიწელა, პანდემიამ ხელი შეგვიშალა. მაგრამ უფრო გემრიელად ვიმუშავეთ. იმ პროდუქციაზე, რასაც ნუცა ასრულებს, მოთხოვნაა. 

როგორც მუსიკალური პროდუქტი - ეს ალბომი ვინტაჟურია, რეტროსტილშია გაკეთებული. მასში შესული ცნობილი ჰიტები ძალიან მოუხდა ნუცას.

„ბენდი ნიუტონი“, რომელიც უკრავს ამ ალბომში, ერთ-ერთი გამორჩეული ბენდია თავისი გემოვნებით, ვერსიებით, რომლებმაც სხვა ჟღერადობა შესძინეს ალბომში შესულ სიმღერებს. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ალეკო ბერძენიშვილს და "ბრავო რექორდსის" მთელ გუნდს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა.

მარინა ბერიძე: - ჩემს ცხოვრებაში „ანა-ბანა“ გამორჩეული პროექტი იყო, საეტაპო. „მხოლოდ ქართული“ კი ერთ-ერთი დიდი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში და ქვეყნის ცხოვრებაშიც. ჩვენ მსმენელი ქართული სიმღერისკენ მოვატრიალეთ. ქართული სიმღერა მოდური გახდა. აიტაცეს ახალგაზრდებმა და კარგი რეზულტატი მივიღეთ. 

არაფრით არ შეიძლებოდა, რომ მე ნუცასთვის არ მემუშავა და ზაზას პირველივე ზარმა სიხარული მომიტანა. არიან ახალგაზრდა შემსრულებლები, მათი ყველაფერი რომ ზეპირად ვიცი და მუშაობა მიადვილდება.

მე ამ ალბომისთვის ჩავთვალე, რომ ნუცა უნდა იყოს ლაღი, პოზიტიური და სიყვარული და სიკეთე ატაროს. დღეს მით უმეტეს, როდესაც ყველა დამძიმებულია და ამდენი პესიმისტური ნოტი ჟღერს, ამ რეპერტუარმა სინათლე უნდა მოჰფინოს ყველაფერს. ახალგაზრდებმა სიკეთე ატარონ. მე ეგოისტი ადამიანი ვარ და როცა ვმუშაობ, ასე თუ ისე ერთი და იგივე ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა. 

ამ ალბომით ყველა ისიამოვნებს, ნამდვილი რეტროა, მაგრამ თანამედროვე ჟღერადობის. მოაქვს ის სუნთქვა და გრძნობა, რაც მაშინ იყო, მაგრამ არის თანამედროვე. 26 ნოემბერს ყველას ვეპატიჟებით, ეს იქნება ძალიან პოზიტიური კონცერტი და დისკის პრეზენტაცია.

დიდი მადლობა "ბრავო რექორდსს". აქ არის ის ჰაერი, ის მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ გამუშავებს. ძალიან დიდი კომფორტია ზაზა შენგელიას გვერდით მუშაობა. ეს ბედნიერებაა. 

ნუცა თოფურია: არ იცით, ახლა ჩემს გულში რა ხდება. ჯერ რომ სოლო კონცერტი მაქვს და მერე, ხომ გააჩნია ამას ვინ აკეთებს?! ამ ალბომზე და კონცერტზე თავის საქმეში ნომერ პირველი ადამიანები მუშაობდნენ. მართლა ძალიან გამიმართლა.

ზაზამ და მარინამ ათივე სიმღერა ისეთი შემირჩიეს, ზუსტად რომ იციან, რა უნდა ვიმღერო.

ალბომს ჰქვია „მოვალ“ და თუ რატომ მოვალ, ეს უკვე კონცერტზე გამოჩნდება. გამოვარჩევ ნატო თოთიბაძის სიმღერას „ერთხელ“. სიმღერის დროს ვგრძნობდი, რომ გასული ვიყავი. ეს სიმღერა ჩემია. 

ახლა კონცერტით ვარ მოცული. ჩემი საყვარელი დათუნა სულიკაშვილის ორი კაბა მეცმება. ვიცი, რასაც ჩაგაცმევო, მითხრა. მირჩია, შენი თავი ეძებე სამოსში და მე შევეცდები ისეთი კაბა შევქმნა, რომელშიც შენს თავს იპოვიო. მალე ესკიზებს გამომიგზავნის. 

კონცერტზე საინტერესო ადამიანები და მეგობრები გამოვლენ. მოდით, ეს სიურპრიზად დავტოვოთ.