ნიკოლ კიდმანის თქმით, Big Little Lies მე-3 სეზონით დაბრუნდება

ფილმი

HBO-ის გახმაურებული სერიალი Big Little Lies ("დიდი პატარა ტყუილები") შეიძლება გაგრძელდეს. სერიალში მონაწილე ავსტრალიელი მსახიობი და პროექტის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი ნიკოლ კიდმანი ამბობს, რომ ლიან მორიარტის რომანის ეკრანიზაციას მე-3 სეზონიც ექნება.

"დიდი პატარა ტყუილები მიყვარდა", — აღნიშნა ფანებთან შეხვედრაზე კიდმანმა ცოტა ხნის წინ, — "[ეს პროექტი] ჩემს ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როცა უკვე შვილები მყავდა და კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი. თუმცა, მერე მე და რიზ უიზერსპუნს ამ სერიალის შექმნის შესაძლებლობა მოგვეცა. შემდეგ თქვენ ის ნახეთ და ასეთი წარმატებული გახადეთ. ჩვენ კი, რომ იცოდეთ, მესამით დაგიბრუნდებით"

მინისერიალად ჩაფიქრებული დიდი პატარა ტყუილები, ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობის — რიზ უიზერსპუნის, ნიკოლ კიდმანის, შეილინ ვუდლის, ლორა დერნისა და ზოი კრავიცის — მონაწილეობით, 2017 წელს იხილა მაყურებელმა. 2019 წელს გამოსულ მეორე სეზონში სერიალს მერილ სტრიპიც შეუერთდა. პრესტიჟული ჯილდოებით დახუნძლულ შოუს მილიონობით მაყურებლის აღფრთოვანებული გამოხმაურებაც ხვდა წილად.