მე ორ ოჯახს ვარჩენ, ამას არასდროს ვაფიშირებ - რა არის სალომე გოგიაშვილის ოცნება

სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი თავის ცხოვრებაზე, პირადსა თუ საქმიანობაზე ყოველთვის გულახდილად საუბრობს. მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სალომე, რომელიც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება, ოთხი შვილის დედაა.

ტელესახე არასდროს ამბობს უარს გულახდილ და გულწრფელ რჩევებზე, საკუთარ გამოცდილებას ბევრს უზიარებს, თუმცა დღემდე ბევრმა არ იცის, რომ ის ქველმოქმედიცაა და ამ კარგ საქმიანობაში შვილებიც ჰყავს ჩართული.

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ თბილისელების ინტერვიუდან:

ის, რაზეც ძალიან ბევრი მეოცნებება, არის დიდი ტერიტორია, რომელზედაც ავაშენებდი საცხოვრებელ კომპლექსს და ჩემს ყველა მეგობართან ერთად ვიცხოვრებდი. ოღონდ, არ იფიქროთ, ახლა მომაფიქრდა ეს იდეა, მე და ჩემი მეგობრები ვსხედვართ ხოლმე და ვსაუბრობთ, ვინმეს თუ ამდენი ფული ექნება, როგორ განვახორციელებთ ამ ოცნებას. კიდევ, მინდა ჩემს ახლობლებს, ვისაც ვიცი, რომ გასაჭირი აქვს, დავეხმარო და ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა, გავაკეთო ძალიან მაგარი ბავშვთა სახლი. წლებია, ამას ვამბობ. მინდა, ისეთი ბავშვთა სახლი ავაშენო, საიდანაც ძალიან მარტივად მოხდება ბავშვების გაშვილება, რაც დღეს საქართველოში ძალიან რთულია. შემიძლია დავიფიცო, რომ რამდენიმეჯერ ვცადე ბავშვის აყვანა. ძალიან მინდოდა. სახლში კი მეუბნებოდნენ, რომ გარეკილი მქონდა, მაგრამ მე მინდოდა. როცა ოთხი შვილი გყავს, როგორღა?! მაგრამ სადაც ოთხს ვზრდი, იქ მეხუთესაც გავზრდი. ჩემი აზრით, ასეა. მოკლედ, მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან წარმოუდგენლად  რთული პროცესია. მე არ მინდა, ბავშვს მშობელთან ურთიერთობა ავუკრძალო, პირიქით, იმაზე ხშირად ვაჩვენებ, ვიდრე ამას ბავშვთა სახლებში ახერხებენ. მეყოლება ჩემთან სახლში და ყველაფერს მივცემ. მართლა უამრავი გაჭირვებულია ჩვენს გარშემო. ერთი ადამიანი ყველას ვერ ეყოფი, მაგრამ მინდა, მქონდეს იმის საშუალება, რომ ცოტ-ცოტა ყველა გავახარო. ოღონდ, ეს არ არის მომენტი, რომ იცი მაინც არ გექნება და ტყუილად ბოდავ. მე ორ ოჯახს ვარჩენ – ამას არასდროს ვაფიშირებ, რადგან არ მიმაჩნია, რომ ეს სარეკლამო საქმეა, ორი ოჯახისთვის კი ჩემი შვილებიც აგროვებენ ფულს და წლის ბოლოს ამ ოჯახის ბავშვებისთვის საჩუქრებს ყიდულობენ. ეს ჩვენი ტრადიციაა, ამიტომ ეს თემები არ არის ჩემთვის უცხო.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი იყოთ?

– ოჰ, ძალიან მინდა (იცინის). იქიდან გამომდინარე, რომ აქ მეტ-ნაკლებად ცნობილი ვარ, ვიცი, როგორი სიამოვნებაა, როცა ვიღაც გცნობს, პატივს გცემს, მოსწონხარ. სადაც არ უნდა წავიდე, ძალიან სასიამოვნოდ მხვდებიან. წარმოიდგინეთ, როდესაც მსოფლიო მასშტაბით ხარ ცნობილი, რამხელა პატივისცემა გაქვს. არავინ თქვას, რომ ეს არ უნდა. მგონია, რომ ამაზე უარს არავინ იტყოდა. მაგარი ემოციაა.