„ეს იქნება მაგალითი, როგორ არ უნდა „შეტენო“ ადამიანს ის, რაც არ გაუკეთებია“ - ვის და რატომ ედავება სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი

თითქმის 1 კვირაა, რაც სოციალურ ქსელში თამარ მაყაშვილის მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა პოსტები აქტიურად იწერება. მეგობარ-ახლობლები ბათუმის დრამატული თეატრისგან დასჯილ მსახიობს ამხნევებენ და თეატრის ხელმძღვანელობისადმი წყენას არ მალავენ.

ერთ-ერთი მხარდამჭერი პოსტი ყოფილ ტელეწამყვან, სალომე გოგიაშვილს ეკუთვნის, რაც ერთ-ერთ მედიაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. სალომე გოგიაშვილი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ნახევარი აჭარა მას დაუპირისპირდა, შესაბამისად, აპირებს საკუთარი სიმართლე სასამართლოს გზით დაამტკიცოს.

სალომე გოგიაშვილი: - სტატუსი, რომელიც მე დავწერე და რომელიც ეხებოდა თამარ მაყაშვილს, არაფერ კავშირში იყო არც აჭარელი ხალხი და არც აჭარა. ერთადერთი, რაც ვთქვი, თუ მხარდაჭერა გინდათ, ნუ წახვალთ ამ თეატრში, სოციალურ ქსელში წერას მგონია, რომ მხარდაჭერა ეგ იქნება. აქ დამთავრდა ყველაფერი. შემდეგ წამოვიდა კომენტარები... მე და ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ვწერდით, რომ ზოგადად, ხალხი გაბოროტებულია, ცუდი კომენტარებით, ლანძღვით საზოგადოება ხარობს. ჩვენს მიმოწერაში ქალი შემოიჭრა და დამიწერა, თქვენ ვითომ პოპულარულებს თავი რაღაც გგონიათო და მსგავსი გამაღიზიანებელი ფრაზები, სამწუხაროდ, ეს კომენტარი აღარ ჩანს, არ ვიცი, ალბათ წაშალა. შემდეგ, ისევ იმ თემას დავუბრუნდი, რომ კომპიუტერებთან სხედან და სხვებს ლანძღავენ და სწორედ აქ დავწერე: ღორის განავალში არიან თვითონ და შენი ცუდად ყოფნით უნდათ თავიანთი მდგომარეობა გადაფარონ-თქო. აი ეს აიტაცა ერთ-ერთმა სააგენტოს, ასე დაასათაურა და მიაწერა, რომთამარ მაყაშვილს მხარდაჭერას ვუცხადებ. სპეციალურად ამიგორეს რომ აგრესია გამოეწვიათ. გუშინ დამიწყეს რეკვა, ვერ ვხვდებოდი რა დავწერე. შევედი და ვნახე ეს უბედურება,

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აჭარაში იმდენი მეგობარი მყავს, მართლა ვგიჟდები ისე მიყვარს, ვამბობ ხოლმე, ჩემი მეორე სახლია-თქო, პირობითად, სულ რომ გაბრაზებული ვყოფილიყავი, მარტო ჩემი მეგობრების პატივისცემით, არასდროს არაფერს ვიტყოდი.

- სააგენტოს თუ ესაუბრეთ და რა გითხრეს?

- სააგენტოში დავრეკე, კულტურულად ავუხსენი, რომ მსგავსი საქციელი არ შეიძლება, მე ამით მორალური სტრესი მივიღე და ამ ამბავს ასე არ დავტოვებდი, ნახევარი აჭარა მლანძღავს-თქო. ვუთხარი, გამოასწორეთ ეს და საჯაროდ ბოდიში მოიხადეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გიჩივლებთ-თქო. ექსპერტიზით შეიძლება ყველაფრის დამტკიცება, მე არაფერი წამიშლია. კარგიო, ასე დამემშვიდობნენ. ვესაუბრე ჩემ ადვოკატსაც. დღეს ვნახე, რომ არაფერი აქვთ შეცვლილი და არც ბოდიში მოუხდიათ. აუცილებლად შევიტან საჩივარს, ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა, რომ ჩემთან არიან. ასეთმა არასწორმა ხალხმა სხვა ხალხზე ბულინგი არ დაამთავრა. რომ ვკითხოთ, გამოდიან, ამბობენ, რომ ბულინგი ყველაზე ცუდია, აბა რას შვრებიან ახლა ისინი? კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, მომიხადონ ბოდიში, რომ ხალხმა დაინახოს, მე მსგავსი არაფერი მითქვამს. ჩემთვის ძვირფასია აჭარელი ხალხი.

- ახლა რის გაკეთებას აპირებთ?

- სულ ვამბობ, რომ ვგიჟდები აჭარაზე, მართლა უამრავი მეგობარი მყავს, უმეტეს დროს იქ ვატარებ. მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც რასაც ამბობენ, ამბობენ და უკან არასდროს არაფერი მიაქვთ. უბრალოდ, არ გავაბედინებ არავის, რომ რაღაცები შემომტენონ და ჩემზე გაიწმინდონ ხელები. რახან ეს იყო პროვოკაციული გათვლა, რომ აჭარელი ხალხი ჩემ მიმართ განეწყოთ, ახლა მე მათ ვანახებ, როგორ უნდა ადამიანების დასჯა. ისე დავსჯი, რომ ეს იქნება მაგალითი, როგორ არ უნდა შეტენო ადამიანს ის, რაც მას არ გაუკეთებია. ამაზე აუცილებლად მოვთხოვ პასუხს, ყველამ დაინახოს, არა მარტო აჭარლებმა, რომ არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანს რაღაც დააბრალო.