1728312638
"მე და დედას ძალიან ცოტა ხანი მოგვიწია ერთად ყოფნა. რომ მომენტარება, დეიდასთან მივდივარ..." - ზურა ხაჩიძის ემოციური ინტერვიუ
ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ როდესაც გარდაცვლილი დედა მოენატრება, დეიდასთან, ბელა ვეფხვიაშვილთან მიდის... ბელა ზალიკო ბერგერის დედაა. და როდესაც სამივე, ამ ქვეყნიდან ადრე წასულ ლალიკოს იხსენებენ, ცრემლებად იღვრებიან.
ზურა გულახდილად ჰყვება, რომ დედა საკმაოდ გვიან, 14 წლის ასაკში გაიცნო. იყო გაუცხოების პერიოდი, რომელიც თბილმა გრძნობებმა გაალღვო და ის-ის იყო, დაუახლოვდა და უხერხულობა დაძლეულმა, ახლად გაცნობილ ორეულს, დედა დაუძახა, რომ ის უკვე სამუდამოდ წავიდა მისგან...
ზურა ხაჩიძე: 17 მაისი დედას დაბადების დღეა...
ხათუნა ცოლად ახალი შერთული მყავდა, დედა რომ ტრაგიკულად გარდაიცვალა.
2005 წელი იყო. ბორჯომში ჩამოვიდა, რომ ჩემთვის და ხათუნასთვის ჩვენი გაბედნიერება მოელოცა და სიხარული გაეზიარებინა. შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა, მე ზუგდიდში კონცერტზე წავედი. თბილისში კონცერტიდან გვიან დავბრუნდი. მეორე დილით კი, ხათუნამ ასეთი მძიმე ამბავი შემატყობინა...
დედა ახლობლის ოჯახში იყო სტუმრად, ყველანი გაზით გაიგუდნენ. ძალიან ტრაგიკულად გარდაიცვალა...
ჩემი და დედას ურთიერთობაც ტრაგიკულად აეწყო. 14 წლის ასაკში გავიცანი. ძალიან ცოტა ხანი მოგვიწია ერთად ყოფნა. თუმცა ის პერიოდი საკმაოდ თბილად მახსოვს... დარწმუნებული ვარ, ბევრი თვისება დედისგან მომყვება. ვიზუალურად ხომ ძალიან ვგავარ.
სამწუხაროდ, როცა დედა დავუძახე, ამ ქვეყნიდან მაშინ წავიდა... განვიცდი, რომ დედა ჩემს გვერდით არ არის. ნათელში იყოს მისი სული.
18 მაისს, დეიდაჩემის დაბადების დღეა.
დედას და დეიდას ადრე გარდაეცვალათ დედა, მამამ სხვა ცოლი შეირთო და დედა ნათესავებთან იზრდებოდა.
დღეს დედის მხრიდან ბელა დეიდა დამრჩა...
დეიდაც დედასთან ერთად გავიცანი. ერთმანეთს ბევრ რამეში ვამსგავსებ. დეიდას ნამდვილად აქვს დედის სუნი... დედა რომ მომენტარება, ბელასთან მივდივარ...