"ბედნიერი იქნებოდა, სავარაუდოდ, დიდი სუფრა გვექნებოდა გაშლილი და ამ ამბავს აღვნიშნავდით" - რა სიახლეა ზურა ბაკურაძის ოჯახში

zura bakuradze

ზურა ბაკურაძის ქალიშვილი სტუდენტი გახდა. ანნა ბაკურაძემ კავკასიის უნივერსიტეტში დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აირჩია. ამ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება მერვე კლასიდან აქვს გადაწყვეტილი. და როგორც ის "პრაიმტაიმთან" ამბობს, მამა არჩევანს უწონებდა.

ანნა ბაკურაძე: -  მამა ყველაფერში მხარს მიჭერდა და გვერდით მედგა, პატივს სცემდა ჩემს არჩევანს. რასაც კარგს ვაკეთებდი, ყოველთვის ამაყობდა. დარწმუნებული ვარ, ჩემი სტუდენტობა ძალიან გაუხარდებოდა. სადაც არ უნდა იყოს, ვიცი, უხარია.

როგორც ზურას მეუღლე, ნათია კობახიძე "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, შვილის სტუდენტობით გახარებული ზურა, ამ დღეს დიდი სუფრით აღნიშნავდა.

ნათია კობახიძე: ანნას მეცადინეობა ისეთი სტრესის ქვეშ, რთულ პირობებში მოუწია, რომ მადლობელი ვარ იმ შედეგით, რაც დადო. ნამდვილად კარგი შედეგით ჩაირიცხა.

რაღაც პერიოდი კლასიკურ ვოკალზე, კონსერვატორიაში ჩაბარება სურდა. ვამზადებდით. მაგრამ უცებ გადაიფიქრა.

ზურა მხარს უჭერდა. დიპლომატიის ფაკულტეტის არჩევა ჩვენი მეგობრის ზეგავლენა იყო. ზურამაც უთხრა, თუ გაქაჩავ, რატომაც არაო. დღეს ბედნიერი იქნებოდა.

ზურა რომ ჩვენთან ყოფილიყო, სავარაუდოდ, დიდი სუფრა გვექნებოდა გაშლილი და ამ ამბავს აღვნიშნავდით.