ანი ყიფშიძეს სერიალში გადაიღებენ - ვისგან მიიღო შეთავაზება ყოფილმა „პრაიმ ჰაუსელმა“

ani yifshidze

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის ფინალისტის, ანი ყიფშიძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია. როგორც მან „პრაიმტაიმს“ გაუმხილა, თურქეთიდან შემოთავაზება მიიღო და მალე ერთ-ერთ სერიალში ითამაშებს. მანამდე კი, მეზობელ ქვეყანაში უნდა ჩავიდეს და კონტრაქტებზე ხელი მოაწეროს.

ანი ყიფშიძე: საქართველოდან რამდენიმე შემოთავაზება მივიღე, სურდათ, რამდენიმე ადგილას მეცეკვა... მაგრამ ძალიან კარგი შემოთავაზებები შემომივიდა თურქეთიდან. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მეკადრება. თურქეთში 2 წელი თეატრალურზე ვსწავლობდი. კასტინგებზე ძალიან ბევრ ადგილას ჩემი სახელია დაფიქსირებული. გაკეთებული გვაქვს წიგნაკი, რის მიხედვითაც, ადამიანებს არჩევენ ფილმის გადაღებისთვის, რეკლამისთვის, კლიპისთვის. დაინტერესებული პირები პირდაპირ იქ მიდიან და იქიდან გიკავშირდებიან. ერთ-ერთ ჯგუფში, კასტინგზე რომ ვიყავი, ძალიან მოვეწონე. თვის ბოლოს თურქეთში უნდა ჩავიდე, კონტაქტებს უნდა გავეცნო, რამდენიმე ეტაპი გავიარო... ვითამაშებ ერთ-ერთ სერიალში, წინასწარ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

- რამდენ ხანს მოგიწევს ოჯახისგან მოშორებით ყოფნა?

- ნატალის ახლა სკოლა აქვს, დამატებით რეპეტიტორებთან დადის და არაფრისთვის დრო არ აქვს. ზუსტად ის პერიოდია, როცა ნატალი თავის საქმეს გააკეთებს, მე - ჩემსას. იმედი მაქვს, აეწყობა და იმედია, დიდი ხნით არ მომიწევს წასვლა. ყოველ შემთხვევაში, ახალ წელს აქ ვაპირებ ყოფნას. 

- „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონს თუ უყურებ ხოლმე?

- თავიდან რომ დაიწყო, რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებდა, ვინ იწვებოდა ჩემს ოთახში, რა მოხდებოდა... ეს ინტერესი მქონდა, მერე რაღაცნაირად... აღარ მომწონს. ხომ გვაქვს აზრის გამოთქმის უფლება. ჩემი აზრით, ჩვენი მაგარი იყო. კარგი ზღაპარი იყო, ეს ახლა ზღაპარია თუ ანდაზა, ჯერ ვერ გავიგე.

- პროექტის დასრულების შემდეგ თუ დამეგობრდი ვინმესთან?

- არა, ურთიერთობა არავისთან გამიგრძელებია. მე ზოგადად, მინდოდა, რომ საქართველოში ბევრი მეგობარი მყოლოდა და მყოლოდა ისეთი მეგობარი, რომელსაც, მაგალითად, შევხვდებოდი, დავურეკავდი, ერთად გავისეირნებდით. თუნდაც, ისეთ ადგილას წავიდოდით, სადაც განვიტვირთებოდით. მე ძალიან მიყვარს სპა, მასაჟი, საუნები. სამწუხაროდ, საქართველოში მეგობრები ვერ გავიჩინე.

- როგორი რეაქცია აქვთ, როცა ქუჩაში გხვდებიან?

- კივიან, წივიან, მეხუტებიან. არ იცით, როგორი სითბო მოდის. მეუბნებიან, რომ ვუყვარვარ, რომ ჩემი გამარჯვება უნდოდათ და დღემდე მგულშემატკივრობენ. სურათებს იღებენ, სამახსოვრო ფოტოებს მაღებინებენ თავიანთ შვილებთან. ძალიან მაგარია. ჩემს „გვირგვინოსნებს“ ასაკი არ აქვთ, ყველა მოდის. სადაც მივდივარ, ყველგან მწვანე მაქვს აღებული.

ახლა რომ მითხრან, პირველი „პრაიმ ჰაუსი“ იწყება და იგივე „სასტავი“ შევაო, კიდევ შევიდოდი. იმიტომ არა, რომ პოპულარული გავხდე, მართლა კარგი იყო პირველი სეზონი.