,,28-30 წლის წინ მოხდა... ჩემში კულტურული შოკი გამოიწვია ამ მისტიკურმა ამბავმა" - რას ჰყვება კომპოზიტორის ქალიშვილი მერაბ სეფაშვილზე

merabi

,,10 აპრილს სულმოუთქმელად ველი, ჩვენი ოჯახისთვის და ბავშვობის მეგობრებისთვის ძალიან ემოციურია ეს მოლოდინი. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მერაბ სეფაშვილს, რომ ამდენი ათეული წლის შემდეგ აასრულა ავტორის ოცნება და ჩვენ კი შევძელით გაგვეგონა ის მუსიკალური ფრაზები, რაც მამას ესმოდა", - წერს კონცეპტ Art-ის დამაარსებელი, სცენარისტი თეონა ჯორბენაძე.

თეონა კომპოზიტორ თამაზ ჯორბენაძის ქალიშვილია. კომპოზიტორი ნაადრევ ასაკში მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.

უკვე რამდენიმე წელია თეონა მამის ხელნაწერ ნოტებს მუსიკალურად აცოცხლებს. ამჟამად, თამაზ ჯორბენაძის სიმღერას, რომელიც ავტორმა მხოლოდ ფურცელზე დატოვა, მერაბ სეფაშვილი ააჟღერებს.

აი, რას ამბობს თეონა ამ ფაქტთან დაკავშირებით.

თეონა ჯორბენაძე: ზოგჯერ მართლაც ხდება, ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი ამბები, ეს თეოლოგიური სწავლებიდან ვიცი... მამას არქივში დარჩენილი ხელნაწერი ნოტების გაცოცხლებით, 2023 წელს „ვეწევი“ მის ფიქრებს და სათქმელს მუსიკაში, ალბათ, იმიტომ, რომ როგორც ნინა ნახუცრიშვილმა დაასკვნა, მას აწმყოში არ გაუმართლა, რადგან მომავლის კომპოზიტორი იყო.

ვიცი, ბევრ ჩემს მეგობარს გაგიკვირდებათ, რომ ასე ლეგენდად ქცეულ მუსიკოსს, მერაბ სეფაშვილს აქამდე არ ვიცნობდი, ასევე არ ვიცოდი საფუძვლიანად მისი შემოქმედება, არასდროს დავსწრებივარ მის კონცერტს და ალბათ, ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ჩემი ძვირფასი მამა ლუკა ფალავანდიშვილი და გია გოგორიშვილი.

ჩვენი დიდი შემოქმედებითი ოჯახი სინამდვილეში საკმაოდ ჩაკეტილი სივრცეა, იმის გამო, რომ ჩვენს შიგნით ყოველთვის მძაფრი „ქიმიაა“ საზღვრებს იქით ვეღარ ვახერხებთ გასვლას. ჩემთვის სიმბოლურია, რომ მერაბის მცოდნე და მსმენელი ახალ თაობას შორის აღმოგვაჩნდა, გარკვეულწილად პირველად სწორედ გიგაშამ, გიორგი გიგაშვილიმა გამიჩინა მის მიმართ ინტერესი, რისთვისაც მინდა ვუთხრა მადლობა.

ჩემში კულტურული შოკი კი გამოიწვია მისი შემოქმედების გააზრებამ და ერთმა მისტიურმა ამბავმა - ჩემი ფავორიტი კომპოზიცია მამას არქივიდან „იასამნის ბაღი“, 21 წლის მანძილზე არაერთი უკვე შეთანხმებული, დაგეგმილი მცდელობის მიუხედავად, მე და მაესტრომ - ნიკოლოზ რაჭველმა სტუდიამდე ვერ მივიტანეთ, სულ რაღაც ხდებოდა. და წელს, როდესაც მერაბის პროდიუსერთან სულ სხვა თემაზე მქონდა შეხვედრა, სრულიად მოულოდნელად გამახსენდა მამასთან დიალოგის ერთი სცენა, როცა პირველად მომასმენინა ეს ბალადა და მითხრა, რომ მის შესრულებას შეძლებდა მხოლოდ იმ დროისთვის ახალგაზრდა მომღერალი მერაბ სეფაშვილი, ეს ამბავი დაახლოებით 28-30 წლის წინ მოხდა...

მალე ჩვენს გარშემო „იასამნის ბაღი“ აყვავდება.

კომპოზიტორი - თამაზ ჯორბენაძე, ტექსტის ავტორი - ვახტანგ გოგოლაშვილი.

სრული ვერსია აიტვირთება კონცეპტArt-ის youtube არხზე 10 აპრილიდან.