"თითქმის ყველა პრიზი აიღო. ქუჩაში წივილ-კივილ ხვდებიან! 21-ე საუკუნის პიანისტა" - გიორგი გიგაშვილის ფურორი თელ-ავივში

გაგიშა

"გიგაშა მშვიდობისა" - ასე ესალმებიან დღეს ერთმანეთს გიორგი გიგაშვილის ახლობლები და გულშემატკივრები. ჩვენ დროებას ახალი თაობის მუსიკოსები (და არა მხოლოდ) აცოცხლებენ. და ისინი წარმატებებს აღწევენ მსოფლიო დონისა და მასშტაბის კონკურსებსა და პროექტებში. ეს გადაგვარჩენს. ჭეშმარიტად დიდი იმედია.

გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულია. 

საერთაშორისო ჟიურიმ ქართველი პიანისტი 17 ქვეყნის 32 მონაწილეს შორის საუკეთესო სამეულში დაასახელა და მეორე ადგილი მიანიჭა. 

"სამი რამ" - წერს თავად გიორგი ფეისბუქზე. "1. მეორე ადგილი. 2. საქართველო ევროპაა. 3. მადლობა ყველას, მართლა ყველას, უსაზღვროდ მადლობელი ვარ, როგორც მიგულშემატკივრეთ მთელი ეს პერიოდი".

გიორგი გახდა: ვერცხლის მედლის, ახალგაზრდა ჟიურის პრიზის და მოშე მაიერის პრიზის მფლობელი, კამერული მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი. 

ის მარტა არგერიხის სტიპენდიატია.

მარინა ბერიძე გვესაუბრება გიორგიზე, რომელსაც პატარაობიდან იცნობს და მუსიკალურ პროექტ "ანა-ბანაში" (რომლის პროდიუსერიც მარინა იყო) მას თვალი დაადგა. 

მარინა ბერიძე: - ჩემთვის მსოფლიო მასშტაბის უდიდესი პიანისტია. ახლა იწყება მისი უზარმაზარი კარიერა. რუბინშტეინის კონკურსი პიანისტების ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსია. ეს მეორე ადგილი, ჩემთვის, პრაქტიკულად პირველი ადგილია. რვა სპეცპრიზი აიღო. ეს მოახერხა ერთი პატარა ქვეყნიდან ჩასულმა პატარა ბიჭმა, რომელსაც დიდი კარიერა ჯერ წინ აქვს. ეს ისეთი გამარჯვებაა, როგორიც დიდი ხანია არ მინახავს. უმნიშვნელოვანესი პიანისტია, რომელიც მუსიკოსების გარდა, დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვეულებრივ მსმენელზე. ეს ძალიან ცოტას შეუძლია. თელ-ავივში ქუჩაში ვერ გადისო, მითხრეს ახლობლებმა. რომ გადის დარბაზიდან, ესევიან და გარს ევლებიან, არის თურმე წივილ-კივილი. ლამის ხელის გულზე ატარებენ. ჟიურის დაუსტვინეს, როდესაც პირველი ადგილი გიორგის არ მიანიჭეს, თურმე.

ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის. ვერ არკვევ, საიდან მოდის ეს ახალი თაობა. გიორგი ჩვენს თვალწინ გაიზარდა და ასეთ საოცრებებს აკეთებს.

ამდენი ახალი სახელისა და გვარისთვის ძალიან პატარა ქვეყანა ვართ. და ამ თაობას უნდა მოვუაროთ.

გიორგი ჯერ მხოლოდ 21 წლის არის. მან დაანგრია ის კლიშეები, რაც პიანისტებისთვის არსებობს. მეშინოდა, რომ ჟიური დაიწუნებდა, რადგან გიორგის თავისი ხედვა აქვს დაკვრაში, ანგრევს დადგენილ ნორმებს. დაკვრის დროს ასეთი პროფესიონალიზმი, მასშტაბი, გონება და ემოცია ერთად მუშაობდეს, მე უბრალოდ არ შემხვედრია. 21-ე საუკუნის პიანისტია, რომელსაც ყველაფერი ერთად აქვს. ძალიან კარგი ბიჭია. 

ექვსი კონცერტი დაუნიშნეს თელ-ავივში. მერე შვეიცარიაში მიდის და ალბათ, მაისში ჩამოვა. ძალიან გამაბედნიერა...