ითხვისის მაღაროში 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

მანგანეზი

ითხვისის მაღაროში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთი პირი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ითხვისის მაღაროს თანამშრომლის გარდაცვალების გამო.

კვირას, 17 აპრილს, მაღაროს უბნის უფროსი, 30 წლის, ნ.მ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიქტური გარემოების დასადგენად.

„ჯორჯიან მანგანეზი“ კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“ , - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.