„ის იყო უძვირფასესი მეგობარი, სიტყვებით ძნელია გამოწვეული ტკივილის გამოხატვა“ - კოლეგები და მეგობრები ირაკლი ხახუბიას ემშვიდობებიან

ირაკლი ხახუბიას სამძიმარი

ფოთის, სენაკის და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი იპოვეს.

დეპუტატი გარდაცვლილი თბილისში, საცხოვრებელ სახლში ვაკეში ნახეს

ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი ხახუბიას 2017 წლიდან, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

2017 წლის 16 მაისს გორთან მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა. ბექა ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილი იყო.

დეპუტატის ტრაგიკულ გარდაცვალებას კოლეგები, მეგობრები და ახლობლები ეხმიანებიან:

„სიტყვებით ძნელია ირაკლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის გამოხატვა. ის იყო უკეთილშობილესი ადამიანი და თითოეული ჩვენგანისთვის უძვირფასესი მეგობარი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ირაკლის სული!“,- წერს ირაკლი კობახიძე.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ, ჩემი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო, ძალიან სამწუხარო ამბავია.
თანავუგრძნობ და გამძლეობას ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში ოჯახის წევრებს და ახლობელ ადამიანებს“,- წერს ლევან იოსელიანი.

წავიდა ბექასთან! ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო! უმწეოთა და ობოლთა დამპურებელო ირაკლი ხახუბია!“ - წერს გარდაცვლილი დეპუტატის მეგობარი, შორენა მირცხულავა.

„მიჭირს ირაკლიზე წარსულში საუბარი...კეთილშობილი, გულისხმიერი ადამიანი მშვიდობით მეგობარო...“, -წერს გრეტა წიწავა.

„ძალიან მიმძიმს, სამძიმრის სიტყვები მივუძღვნა მეგობარს, თანაგუნდელს, თანამებრძოლს, საუკეთესო ადამიანს - ირაკლი ხახუბიას. ირაკლის სახით, მე დავკარგე საიმედო და ერთგული მეგობარი, რომლისთვისაც ღირსება და ქვეყნის სიყვარული იყო უპირველესი. ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს“,- წერს კახა კალაძე. 

ჩემო ძვირფასო მეგობარო, ირაკლი... თავის ქვეყანაზე, თავის კუთხეზე, ოჯახზე და მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული კაცი წავიდა. ვილოცებთ შენი სულისთვის. სხვა აღარაფერი შეგვიძლია.“ - წერს არჩილ თალაკვაძე.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო. მისი სახით, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარლამენტმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ირაკლის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

„უმძიმესია ირაკლისთან განშორება, ადამიანთან სავსე ღირსებით, პატრიოტიზმითა და ერთგულებით. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა შენს ლამაზ სულს“, - წერს გივი მიქანაძე.

„კიდევ ერთი უმაგრესი, უკეთილშობილესი და უსაყვარლესი მეგობარი დავკარგეთ. ხუთ წელზე მეტი ხანი ცდილობდა გადაეტანა წარმოუდგენელი ტკივილი, მაგრამ ვეღარ გაუძლო...“ - წერს მამუკა მდინარაძე.

„ჩემო მეგობარო, უძვირფასესო ადამიანო, ძალიან დაგვაკლდები ყველას - ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. შენს მონატრებულ ბიჭთან ერთად, განისვენე მშვიდად სასუფეველში!“, - წერს კახა კუჭავა.