„ძალიან მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის“ - შს მინისტრის სამძიმარი დაღუპულების ოჯახებს

vaxtang gomelauri

შინაგან საქმეთა მინისტრმა გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ძალიან მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის, მით უმეტეს ოჯახებისთვის, მათი მეგობრებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.

იცით, რომ [ბორტზე] 6 ადამიანი იყო ჩვენი თანამშრომელი, 2 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. ძალიან ცუდი უბედური შემთხვევა მოხდა. კადრებიც გავრცელდა.

ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა მისი ვარდნა. მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ექსპერტები იმუშავებენ მართვის დაკარგვის მიზეზის დასადგენად“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. სამაშველო ჯგუფი დაშავებულების საძებნელად წავიდა, თუმცა, სამაშველო ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.

ვრცელდება ბოლო ცნობები, ჩამოვარდნილი პარაპლანისტების შესახებაც. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა - ერთი მძიმედ დაშავდა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.