„ყვირილი ისმოდა საშინელი, ხალხი ტიროდა“ - რას უყვება „პრაიმტაიმს“ გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის თვითმხილველი

გუდაური

„პრაიმტაიმმა“ გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი ჩაწერა.

„მე ყაზბეგიდან ვბრუნდებოდი, ტრანსპორტიდან დავინახეთ, რომ უცებ კვამლი ამოვარდა, მერე ემატებოდა და ემატებოდა.

ფანჯრებს ჩავუწიეთ და ხალხს ვკითხეთ რა მოხდაო. გვიყვიროდნენ დროზე გადითო, ალბათ ეშინოდათ კიდე რამე არ მომხდარიყო.

ყვირილი ისმოდა საშინელი, ხალხი ტიროდა და მერე გავიგე რომ მანამდე პარაპლანი რომ შეასკდა კლდეს, იმათ ამოსაყვანად მისული ვერტმფრენი ჩავარდა და აფეთქდა.

ძალიან მძიმე სიტუაცია იყო.  იქ არ გაგვაჩერეს, საცობები იქმნებოდა და წამოვედით რომ სასწრაფოებისთვის და სახანძროებისთვის ხელი არ შეგვეშალა. მგონი ახლა გზებიც გადაკეტეს“, - გვიყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ გუდაურში პარაპლანის საძიებლად წასული სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება.