პარაპლანით ფრენები შეჩერდება - ვახტანგ გომელაური

vaxtang gomelauri

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანით ფრენები შეჩერდება, ვიდრე, რეგულაციები არ გამკაცრდება. 

როგორც გუდაურში, ტრაგედიის ადგილზე მყოფმა მინისტრმა განაცხადა, ლიცენზიები მხოლოდ პროფესიონალებზე უნდა გაიცეს.

,,პარაპლანით ფრენები, დიდი პრობლემაა, ნამდვილად, გიდასტურებთ. კვირა არ გავა რომ არ მოხდეს, სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. არის დაღუპვის ფაქტებიც და ალბათ, უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არის ძალიან რთული. არ ვიცი, რატომ ხდება ასე ხშირად აქ პარაპლანების ჩამოვარდნა, არ ვიცი, ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები, ეს ლიცენზიაც როგორ გაიცემა, საინტერესოა ყველაფერი და ამასაც ჩავყვებით აუცილებლად.

ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს პარაპლანებით ფრენა და შესწავლის შემდეგ, გაიცეს ლიცენზია, პროფესიონალებზე. ამ დღეებში, სანამ პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა.

სამაშველო ჯგუფი დაშავებულების საძებნელად წავიდა, თუმცა, სამაშველო ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.

ვრცელდება ბოლო ცნობები, ჩამოვარდნილი პარაპლანისტების შესახებაც.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა - ერთი მძიმედ დაშავდა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.