დანია პოლიციასა და სადაზვერვო სამსახურს აძლიერებს

მსოფლიო • 1790339280

რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გამო, დანია პოლიციასა და სადაზვერვო სამსახურს აძლიერებს

რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გამო, დანიაში პოლიციასა და სადაზვერვო სამსახურს აძლიერებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია დანიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.ადგილობრივი მედიის ცნობით, 2027 წელს დანიის მთავრობა თითქმის 800 მილიონ კრონს (დაახლოებით 33 მილიონ ევროს) გამოყოფს იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, პოლიციისა და პოლიციის სადაზვერვო სამსახურის მუშაობას გააძლერებს. მთავრობა ამ თანხების გამოყოფას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გეგმავს. მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტის პროექტს უახლოეს პერიოდში წარადგენენ.„ახლა აშკარა გახდა, რომ უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა და ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზეც, კერძოდ, თავდაცვის ინდუსტრიასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამიტომ ჩვენ მნიშვენლოვან ინვესტიციას ვდებთ უსაფრთხოების პაკეტში, რომელმაც მომდევნო წლებში პოლიცია და სადაზვერვო სამსახური უნდა გააძლიეროს“, – განაცხადა დანიის იუსტიციის მინისტრმა, ნიკოლაი ვამენმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1790318917

PHOTO: გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სრულად

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა. პრემიერის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო დელეგატებო, საქართველოს მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია ამ ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა საქართველოს სახელით - ქვეყნისა, რომლის იდენტობაც საუკუნოვანი ისტორიით, გამძლეობით და ცვალებად სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით ყალიბდებოდა. ჩვენ დღეს აქ ვიკრიბებით იმ დროს, როცა საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენები ამჟამინდელ მდგომარეობას გამოწვევის წინაშე აყენებს და საერთაშორისო წესრიგის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ ვითარებაში მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება კვლავაც უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება.გლობალურ დონეზე მზარდი გამოწვევების ფონზე, კოორდინირებული რეაგირება საერთო დაბრკოლებებზე, კონფლიქტების პრევენცია და მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგში დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებით და ერთობლივ ქმედებაზე საერთო პასუხისმგებლობის აღებით. ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია; ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს.იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც მშვიდობის, სტაბილურობის და სუვერენიტეტის მნიშვნელობა ისე ღრმად შეიძლება ესმოდეთ, როგორც საქართველოს. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე ვიყავით - კარს ვუღებდით განსხვავებულ კულტურებს, ხალხს და იდეებს; ამავე დროს კი მტკიცედ ვიცავდით საკუთარ უნიკალურ იდენტობას და თვითმყოფადობას.საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დამდგარა განსაცდელის წინაშე, თუმცა, ამ გამოწვევებმა კიდევ უფრო მტკიცედ გადაგვაწყვეტინა - თავად ავირჩიოთ საკუთარი გზა. ისტორიულმა გამოცდილებამ ასევე გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტაბილურობას დაცვა სჭირდება და საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ. ამ პრინციპებისადმი ერთგულებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაა ნდობის აღდგენა და სწორედ ამ ფონზე მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთი სამშობლო გვქონდა და საერთო ისტორია გვაკავშირებდა. დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს.გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს. ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც - ვინც ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი იყო და ყოველთვის იქნება კიდეც.ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ეროვნული სტაბილურობა და წარმატება არ შეიძლება განხილული იქნას უფრო ფართო რეგიონული კონტექსტის გარეშე. გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რეგიონული ინიციატივების ფარგლებში თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ, როგორც კეთილსინდისიერმა შუამავალმა, თანამშრომლობის განმტკიცების და მშვიდობიანი გადაწყვეტების მოძიებაში წვლილის შეტანის გზით. დღეს ჩვენ რეალურ შესაძლებლობას ვხედავთ, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ჩვენს საერთო მისწრაფებას ეხმიანება - შევქმნათ უკეთესი მომავალი. თანამშრომლობის ამგვარი სულისკვეთება რეგიონისთვის ხელშესახებ ეკონომიკურ შესაძლებლობებადაც უნდა გარდაიქმნას.საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა და პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს. ამას გარდა, უფრო ფართო რეგიონული თვალსაზრისით, ეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს შესაძლებლობას უქმნის, რომ გლობალურ მიწოდების ჯაჭვებს დაუკავშირდნენ. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებებით ჩვენ შევქმენით ქსელი, რაც დაახლოებით 2.3 მილიარდი მომხმარებლისგან შემდგარ ბაზარზე წვდომას უზრუნველყოფს.დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში: სარკინიგზო ქსელის მოდერნიზება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და ავტომაგისტრალების ქსელის გაფართოება. ამავდროულად გვჯერა, რომ ფიზიკური და ციფრული დაკავშირება ერთი და იმავე სტრატეგიული დღის წესრიგის შემადგენელ ორ კომპონენტს წარმოადგენს.შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით და ახალი თაობის მონაცემთა ინფრასტრუქტურის მეშვეობით, საქართველო მიზნად ისახავს უსაფრთხო, მდგრადი და დივერსიფიცირებული ციფრული კავშირების განმტკიცებას ევროპასა და აზიას შორის.ეს ამბიციური გეგმები კი საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეფუძნება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 9.3 პროცენტით იზრდებოდა და ეს დინამიკა 2026 წელსაც გაგრძელდა, რადგან წელსაც პირველი შვიდი თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9 პროცენტს მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი ექნება რეგიონის მასშტაბით და ევროპის ქვეყნებს შორის - საშუალოდ 5.4 პროცენტი. როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ჩვენ აქტიურად ვაყალიბებთ ინოვაციებზე ორიენტირებულ და ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური საწარმოების განვითარებას უწყობს ხელს. მსოფლიოში არსებული გაურკვეველი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან შეფარდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებს შორის და 2021-2025 წლებში საშუალოდ მშპ-ის 6 პროცენტს აღემატებოდა. ეს კი ქვეყნის ზრდის პოტენციალის მიმართ ინვესტორთა ნდობაზე მეტყველებს. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების პერსპექტივას ასევე ამყარებს მსხვილი და მრავალწლიანი საინვესტიციო პროექტების დაწყება სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და უძრავი ქონება. თუმცა, წარმატების ნამდვილი საზომი ის არის, თუ როგორ აუმჯობესებს ეს ყველაფერი ადამიანების ცხოვრებას. ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები ხელშესახებ სოციალურ შედეგებში უნდა აისახოს - ერთ სულ მოსახლეზე წარმოების ზრდა, რეალური ხელფასების მატება, სიღარიბის შემცირება, უკეთესი სამუშაო ადგილები და უფრო მეტი ეკონომიკური მდგრადობა.ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს შედეგები კონკრეტული და გაზომვადი სახით არის ასახული მაჩვენებლებში, რაც საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს, მაგ. სიღარიბის მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა და 7.1 პროცენტს შეადგენს, 2020 წლის 21.3 პროცენტთან შედარებით.თუმცა, ეს მიღწევა მხოლოდ ერთი ნაწილია იმ უფრო ფართო ტრანსფორმაციისა, რომლის განხორციელებისკენაც ვისწრაფვით. შესაბამისად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება, თითოეულ რეგიონში შესაძლებლობების ამაღლება, იმის უზრუნველყოფა, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ფართოდ გადანაწილდეს და არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. აღნიშნული პრიორიტეტები სრულად შეესაბამება საქართველოს მიერ „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიღწევის მიმართ აღებულ ვალდებულებას, რაც ასევე ასახულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მდგრადი განვითარების მიზნით თანამშრომლობისთვის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაში 2026-2030 წლების პერიოდში.უფრო შორეულ პერსპექტივაში, მომავალი ათწლეულისთვის ჩვენი ამბიციაა, რომ საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ, რაც შესაძლებელი გახდება ეკონომიკის უფრო მეტად დივერსიფიკაციით, ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობის გაფართოებით და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებით.თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონებო და ბატონებო,პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე. საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე. გვჯერა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით. პატივისცემის და თანამშრომლობის პრინციპებიც ასევე ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს ეფექტური მულტილატერალიზმისთვის.იმ პირობებში, როცა გლობალურ დონეზე გაურკვევლობა კვლავ იმატებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუცვლელ ფორუმად რჩება დიალოგისა და ერთობლივი ქმედებისთვის. ამ კონტექსტში, UN80 ინიციატივა მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის გაეროს ეფექტურობის და შესაძლებლობების ასამაღლებლად, მისი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების პარალელურად. საქართველო მზად არის იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ამ პროცესში აქტიური წვლილი შეიტანოს.ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს რეფორმებს, რომელთა დახმარებით ეს ორგანიზაცია უფრო უკეთესად მუშაობას შეძლებს და კიდევ უფრო მეტად შედეგებზე ორიენტირებული გახდება. სწორედ დღეს გაკეთებული არჩევანი განსაზღვრავს, თუ როგორ სამყაროს დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობებს. მოდით, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ისეთი სამყარო დავუტოვოთ მათ, რომელიც უფრო მშვიდობიანი, დაცული და ერთიანი იქნება, ვიდრე დღეს არის“, - განაცხადა პრემიერმა. 

დენის შმიგალი

მსოფლიო • 1790318217

შმიგალი: უკრაინამ მიიღო ორი დოკუმენტი, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი რუსეთის გეგმები მიმდინარე ზამთარში ენერგოსისტემაზე თავდასხმის შესახებ

უკრაინამ მიიღო ორი დოკუმენტი, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი რუსეთის გეგმები მიმდინარე ზამთარში ენერგოსისტემაზე თავდასხმის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.მისი თქმით, დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი, რომელი ობიექტების, რა რაოდენობითა და რა ტიპის იარაღით დაბომბვას გეგმავს რუსეთი.„გასულ კვირას ჩვენმა სპეცსამსახურებმა რუსული მხარისგან მიღებული მასალები გადმოგვცეს. ეს არის რუსი ტერორისტების ამ ზამთრის სამოქმედო სტრატეგია“, – განაცხადა შმიგალმა.უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, რუსეთი კომპლექსური დარტყმებისთვის ემზადება, მათ შორის, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემებზე, ინფრასტრუქტურასა და ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტებზე.„იქ ორი ვრცელი დოკუმენტია, ყველაფერი ძალიან მკაფიოდ და დეტალურად არის გაწერილი. ცხრილებში მითითებულია თითოეული ობიექტის გასანადგურებლად საჭირო იარაღის რაოდენობა და სახეობები. ჩვენ გვესმის, როგორ იმოქმედებენ ისინი“, – აღნიშნა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა.შმიგალის თქმით, რუსეთის გეგმებში ცალკე არის გათვალისწინებული მსხვილ ქალაქებთან დაკავშირებული გეგმებიც, მათ შორის კიევზე, ხარკოვზე და ოდესაზე, ასევე ქალაქებზე, რომელთა მოსახლეობაც ნახევარ მილიონს აღემატება.მინისტრის განცხადებით, უკრაინა ზამთრისთვის და რუსეთის შესაძლო თავდასხმებისთვის ემზადება. მისივე თქმით, უკვე აშენებულია 200-ზე მეტი კაპიტალური, ბეტონის დამცავი ნაგებობა იმ ობიექტებზე, რომლებიც რუსეთმა პრიორიტეტულ სამიზნეებად განსაზღვრა.შმიგალის განცხადებით, უკრაინა პარტნიორებთან ერთად ასევე მუშაობს საჭირო აღჭურვილობის შესყიდვასა და მარაგების შექმნაზე, რათა შესაძლო თავდასხმების შემდეგ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ოპერატიულად შეძლოს.შმიგალმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის მთელი სისტემის ბეტონის კონსტრუქციებით დაცვა შეუძლებელია.„რა თქმა უნდა, დღეს საჰაერო თავდაცვა 90-პროცენტიან დაცვას უზრუნველყოფს, მაგრამ ათასობით რაკეტისა და დრონის შემთხვევაში, დარჩენილი 10 პროცენტიც კი ძალიან მტკივნეულია“, – განაცხადა შმიგალმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1790289414

ირაკლი კობახიძე: დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში

დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მოიცავს სარკინიგზო ქსელის მოდერნიზებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას და ავტომაგისტრალების ქსელის გაფართოებას.„დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში: სარკინიგზო ქსელის მოდერნიზება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და ავტომაგისტრალების ქსელის გაფართოება.ამავდროულად გვჯერა, რომ ფიზიკური და ციფრული დაკავშირება ერთი და იმავე სტრატეგიული დღის წესრიგის შემადგენელ ორ კომპონენტს წარმოადგენს.შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით და ახალი თაობის მონაცემთა ინფრასტრუქტურის მეშვეობით, საქართველო მიზნად ისახავს უსაფრთხო, მდგრადი და დივერსიფიცირებული ციფრული კავშირების განმტკიცებას ევროპასა და აზიას შორის. ეს ამბიციური გეგმები კი საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეფუძნება“, - განაცხადა პრემიერმა.

მარინ ლე პენი

მსოფლიო • 1790278362

საფრანგეთი NATO-ს გაერთიანებულ სარდლობას უკრაინის ომის დასრულებამდე არ დატოვებს, თუმცა, ჩემი სურვილი, ქვეყანამ ალიანსის სარდლობა დატოვოს, კვლავ ძალაში რჩება - მარინ ლე პენი

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ საფრანგეთის NATO-ს გაერთიანებულ სარდლობიდან გამოყვანის გეგმა კვლავ ძალაშია, თუმცა ამ ნაბიჯს უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებამდე არ გადადგამს. ამის შესახებ ლე პენმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, ომის მიმდინარეობის პირობებში მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისთვის შესაფერისი დრო არ არის.„ვიდრე ევროპის კართან ომი მიმდინარეობს, ამის გაკეთების დრო არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი, ეს ნაბიჯი გადავდგა, კვლავ ძალაში რჩება“, – განაცხადა ლე პენმა.ლე პენმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი რუსეთთან, როგორც ბირთვულ სახელმწიფოსთან, ომში არ უნდა ჩაერთოს. ამასთან, ლე პენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას გეგმავს.„ჩვენ შეგვიძლია, მოვამზადოთ მათი ჯარისკაცები და სამხედრო ხელმძღვანელობა და მივაწოდოთ სამხედრო დახმარება. თუმცა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მიწოდებას ვეღარ გავაგრძელებთ და ამის გამო ვწუხვართ“, – განაცხადა ლე პენმა.ამავდროულად ლე პენმა არ უარყო ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ იდეა, რომელსაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ და რომელიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამხედრო წარმომადგენლობის განთავსების შესაძლებლობას განიხილავს.„პოტენციური სამშვიდობო ძალა, რომელიც რეალურად საკმაოდ ჰგავს გაერო-ს სამშვიდობო ძალებს, ჩემთვის სრულიად შესაძლებლად გამოიყურება. თუ „მსურველთა კოალიცია“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი პირობა იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ ამ წინადადების წინ წაწევას“, – განაცხადა ლე პენმა.

El mundo

მსოფლიო • 1790241144

„ელ მუნდო“ – აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ესპანეთზე, საფრანგეთსა და იტალიაზე რუსული დრონებით თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

 აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ესპანეთზე, საფრანგეთსა და იტალიაზე რუსული დრონებით თავდასხმის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას,- ამის შესახებ ესპანური გამოცემა „ელ მუნდო“ წერს.ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ დეტალური ანგარიში მოამზადეს. ლიეტუვის მთავრობის ცნობით, რუსეთი 600 კმ-ის მოქმედების რადიუსის მქონე გემებიდან „გერბერას“ ტიპის დრონების გაშვებას გეგმავს. ამრიგად, რუსეთი ევროპაში დრონებით ახალ თავდასხმებს ამზადებს, თუმცა ამჯერად ისინი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების წინააღმდეგ იქნება მიმართული.„ისინი გამოიყენებენ ზღვიდან გაშვებულ დრონებს, რომლებიც გემზე კონტეინერში იქნება დამალული – ეს სულაც არ არის რთული“, – განმარტავს გამოცემის წყარო.გამოცემის წყაროების ცნობით, ესპანეთის, საფრანგეთის და იტალიის მთავრობებს ასევე ეცნობათ, რომ რუსეთი ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთის წინააღმდეგ დრონების შესაძლო ოპერაციისთვის ემზადებოდა. ეს გაფრთხილება ემანუელ მაკრონის რეაქციას ემთხვევა: 16 სექტემბერს თავდაცვის საბჭოს სხდომის მოწვევის შემდეგ, მან ელისეის სასახლეში ყველა პარტიის ლიდერი და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები მიიწვია.გამოცემის მიერ გამოკითხულმა რამდენიმე თავდაცვის ანალიტიკოსმა დაადასტურა, რომ მათ იცოდნენ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშის შესახებ, რომელიც ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროებში ვრცელდებოდა. გამოცემა ამტკიცებს, რომ რუსეთის ოპერაციის მთავარი მიზანი მნიშვნელოვანი ნგრევის გამოწვევა არ უნდა იყოს. დაახლოებით ოთხიდან ხუთ კილოგრამამდე წონის ასაფეთქებელი მუხტის გათვალისწინებით, „გერბერა“ უფრო მეტად გამოყენებული იქნება აეროპორტის დასახურად, ხანძრის გასაჩენად, სამხედრო ობიექტზე გადასაფრენად ან ევროპის ზურგში მიღწევის უნარის დემონსტრირებისთვის. მოსკოვმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინისთვის იარაღის, დაზვერვისა და სამხედრო მრჩევლების მიწოდება დასავლეთის ქვეყნებს ომის მონაწილეებად და ლეგიტიმურ სამიზნეებად აქცევს.

თამარ იოსელიანი

პოლიტიკა • 1790235980

თამარ იოსელიანი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა

2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ინვესტიციები მოიცავს სარკინიგზო, საზღვაო, საავიაციო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ვაზიანში ახალ საერთაშორისო აეროპორტს.„ამ პროექტებით საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს თავის როლს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო სისტემაში. ამასთან, შავ ზღვაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ფართო რეგიონის  ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მდგრადი ტრანსპორტის განვითარება გულისხმობს თანამედროვე და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ ეს მიდგომაა ასახული საქართველოს ტრანსპორტის განვითარების 10-წლიან გეგმაში, რაც ასევე თანხვედრაშია გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

მარკო რუბიო

მსოფლიო • 1790196120

რუბიო: აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს

აშშ სერბეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს, - განაცხადა ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.„ამ ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ურთიერთქმედების დასაახლოებლად. ვიცი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ იქ ვიზიტით. ვიმედოვნებ, მეც მომეცემა შესაძლებლობა ვეწვიო სერბეთს“, - განაცხადა რუბიომ.

ონიანი-ჯანგველიძის კლანი

კრიმინალი • 1790192695

ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი

ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის კლანი ევროპაში შეკრებას გეგმავს.გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ლაშა შუშანაშვილთან არსებული დაპირისპირების დასრულებაა.წინა შეხვედრის დროს, რომელიც საბერძნეთში გაიმართა, მონაწილეები ლაშა შუშანაშვილს ერთი კვირის განმავლობაში ელოდნენ, თუმცა ის შეხვედრაზე არ მივიდა. დაგეგმილი შეკრების ზუსტი ადგილი ჯერჯერობით არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეხვედრა პოლონეთში არ გაიმართება, რადგან პოლონეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წელს ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები ქვეყნიდან გააძევა.დაგეგმილ შეხვედრას კვლავ „ლაშა შუშანაშვილის უკანასკნელ შანსად“ მოიხსენიებენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ შესაძლოა ე.წ. „ნათლობა“ გაიმართოს, რომლის ფარგლებშიც, „ქურდული სამყაროს“ წრეში ახალი წევრების მიღება იგეგმება.

გია ვოლსკი

პოლიტიკა • 1790191450

გიორგი ვოლსკი: შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, როცა ვიზიტს გეგმავს მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე

შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა როცა ვიზიტს გეგმავს მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის ბელგიაში ვიზიტის შესახებ საუბრისას.მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ შეხვედრას წინ უძღვის ვითარების მოდელირება, იმის შესახებ თუ საიდან წარმოიშვა საქართველოს მიმართ დღეს არსებული დამოკიდებულება, როცა საგარეო კურსის შეცვლის შესახებ საუბარს საფუძველი არ აქვს.“ბელგიას ეს თემა კარგად ესმის და არა მხოლოდ ბელგიას, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური ტრენდი არსებობს. აქედან გამომდინარე, როცა ვიზიტს გეგმავს შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე. არ ჩქარობენ [ურთიერთობების გაუმჯებესებას], თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტრიბუნა არ გამოიყენო, რათა რეალობაზე ილაპარაკო, შენი არგუმენტებით მიხვიდე და მოისმინო არგუმენტები. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია და გამოძახილია იმ ვითარებისა რაც მსოფლიოში არსებობს. ეს შეიძლება უბრალო ფორმულაა, მაგრამ ჩვენი ოპონენტების მთელი რესუსრი მიმართულია იქითკენ, რომ ეს უბრალო ფორმულა გადაფარული იყოს რევულუციური აღტკინებებით, რომელიც ვითომ განაპირობა იმან, რომ ვითომ ჩვენ ევროპაზე უარს ვამბობთ, რაც აბსოლუტური სისულელეა”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ლავროვი

მსოფლიო • 1790186640

ლავროვი: რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს

რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების წარმოების პარალელურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ პაუზის აღებას არ გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.„მწარე გამოცდილებით ნასწავლნი, ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების პერიოდში ჩვენ არ ავიღებთ პაუზას სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“, - აღნიშნა ლავროვმა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ევროპის ინტერესებში შედის, რათა „კიევის რეჟიმს ამოსუნთქვისა და სამხედრო არსენალის შევსების საშუალება მიეცეს“.„მიუხედავად იმისა, რომ ევროპას სწორედ ეს სურს - ისევ იმ მარტივი მიზნით, რომ მიიღოს ამოსუნთქვის საშუალება და შეავსოს კიევის რეჟიმის დაცლილი სამხედრო არსენალი, რომელიც უიმედობისგან უკვე დიდი ხანია აშკარა ტერორისტულ მეთოდებზე გადავიდა“, - განაცხადა მინისტრმა.

ლავროვი

მსოფლიო • 1790148346

სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობის მისაღებად ნიუ იორკში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ნიუ იორკში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.ასამბლეაზე ის სიტყვით 26 სექტემბერს გამოვა. სერგეი ლავროვი ვიზიტის ფარგლებში, მრავალმხრივ და ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს. კერძოდ, დღეს კი ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდება.მანამდე, ლავროვმა განაცხადა, რომ გეგმავს ამერიკელ კოლეგასთან აშშ-ის პოზიციის გარკვევას უკრაინის საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით, მათ შორის ვაშინგტონის შუამავლობის ძალისხმევის თაობაზეც.

✕