„ელ მუნდო“ – აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ესპანეთზე, საფრანგეთსა და იტალიაზე რუსული დრონებით თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

El mundo

 აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ესპანეთზე, საფრანგეთსა და იტალიაზე რუსული დრონებით თავდასხმის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას,- ამის შესახებ ესპანური გამოცემა „ელ მუნდო“ წერს.

ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ დეტალური ანგარიში მოამზადეს. ლიეტუვის მთავრობის ცნობით, რუსეთი 600 კმ-ის მოქმედების რადიუსის მქონე გემებიდან „გერბერას“ ტიპის დრონების გაშვებას გეგმავს. ამრიგად, რუსეთი ევროპაში დრონებით ახალ თავდასხმებს ამზადებს, თუმცა ამჯერად ისინი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„ისინი გამოიყენებენ ზღვიდან გაშვებულ დრონებს, რომლებიც გემზე კონტეინერში იქნება დამალული – ეს სულაც არ არის რთული“, – განმარტავს გამოცემის წყარო.

გამოცემის წყაროების ცნობით, ესპანეთის, საფრანგეთის და იტალიის მთავრობებს ასევე ეცნობათ, რომ რუსეთი ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთის წინააღმდეგ დრონების შესაძლო ოპერაციისთვის ემზადებოდა. ეს გაფრთხილება ემანუელ მაკრონის რეაქციას ემთხვევა: 16 სექტემბერს თავდაცვის საბჭოს სხდომის მოწვევის შემდეგ, მან ელისეის სასახლეში ყველა პარტიის ლიდერი და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები მიიწვია.

გამოცემის მიერ გამოკითხულმა რამდენიმე თავდაცვის ანალიტიკოსმა დაადასტურა, რომ მათ იცოდნენ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშის შესახებ, რომელიც ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროებში ვრცელდებოდა. გამოცემა ამტკიცებს, რომ რუსეთის ოპერაციის მთავარი მიზანი მნიშვნელოვანი ნგრევის გამოწვევა არ უნდა იყოს. დაახლოებით ოთხიდან ხუთ კილოგრამამდე წონის ასაფეთქებელი მუხტის გათვალისწინებით, „გერბერა“ უფრო მეტად გამოყენებული იქნება აეროპორტის დასახურად, ხანძრის გასაჩენად, სამხედრო ობიექტზე გადასაფრენად ან ევროპის ზურგში მიღწევის უნარის დემონსტრირებისთვის. მოსკოვმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინისთვის იარაღის, დაზვერვისა და სამხედრო მრჩევლების მიწოდება დასავლეთის ქვეყნებს ომის მონაწილეებად და ლეგიტიმურ სამიზნეებად აქცევს.