"ყველა სასწავლებელი თუ მიმიღებდა, არ მეგონა. ამერიკაში მიღებულ განათლებას ჩემს ქვეყანას მოვახმარ" - რას გვიყვება თათია შავგულიძე, გოგონა, რომელიც ხუთმა ამერიკულმა სასწავლებელმა ჩარიცხა

tatia

17 წლის ქუთაისელი თათია შავგულიძე შემოდგომაზე ამერიკაში მიემგზავრება. თათია Borough of Manhattan Community College/CUNY-ის სტუდენტია, თუმცა სანამ არჩევანს ნიუ იორკის ამ სასწავლებელზე გააკეთებდა, სწავლის გაგრძელება კიდევ ოთხმა უმაღლესმა შესთავაზა. ესენია - Riverside California, Queens borough, Brooklyn და Manhattan City college...

თათიას ამერიკაში სამედიცინო განხრით განათლების მიღება ერთი ფაქტორის შემდეგ მოუნდა. ამაზე "პრაიმტაიმის" მკითხველს ის თვითონ უყვება...

თათია შავგულიძე: მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა დავამთავრე. სკოლაშივე გვამზადებდნენ იმ საგნებში, რაშიც გამოცდები უნდა გვქონოდა. ცალკე მხოლოდ ინგლისურზე დავდიოდი. საგნებში, სკოლის გარეთ, დამატებითი მომზადება არ დამჭირვებია.

თავიდან ოთხ სასწავლებელში გავგზავნე ჩემი სივი, ქულები, დახასიათებები... ამ უნივერსიტეტების შიდა გამოცდებიც ონლაინ ვაბარე თავისი დონეების მიხედვით, ქიმია-ბიოლოგიასა და მათემათიკაში.  მქონდა ზუმში ჩართვები და გასაუბრებები. ბოლოს მომინდა კალიფორნიის სამედიცინო სასწავლებელი.

იმეილზე რომ ოფიციალური წერილი მივიღე, სიხარულისგან გავგიჟდი. 

ძალიან მოულოდნელი იყო და ამის ამსახველი ვიდეოც მაქვს, მე და ჩემი პედაგოგი როგორ ვიგებთ ამ სასიხარულო ამბავს. ყველა ჩემს მიერ არჩეული სასწავლებელი თუ მიმიღებდა, ნამდვილად არ მეგონა. 

არჩევანი მანჰეტენის უნივერსიტეტზე შევაჩერე. ვნახე შეფასებები, მოვიძიე ინფორმაცია და განათლების დონის კუთხით, ამ სასწავლებელმა მომხიბლა. 

თავიდან ორწლიანია და შემდეგ უკვე კონკრეტულ სფეროს რომ ავირჩევ, იმ ფაკულტეტზე გავაგრძელებ სწავლას.

მედიცინის მეცნიერებების ორწლიანი კურსის დასრულების შემდეგ კონკრეტულ სფეროზე გადადიხარ. მე ზოგად ქირურგიას ან ნეიროქირურგიას ვფიქრობ. ვნახოთ...

ნოემბერში წასასვლელად ვემზადები. აქამდე მარტო არასდროს მიცხოვრია. ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. 

მიზანდასახულობით მშობლებს ვგავარ. ამ წარმატებაში ჩემს ოჯახსაც მიუძღვის წვლილი. დანებების საშუალებას არ მაძლევდნენ, ღამის 12 საათამდე ვმჯდარვარ მასწავლებელთან. ხელშეწყობა მქონდა დიდი. ხომ იცი, რომ შეძლებ და ყველაფერი გამოგივა - ამგვარი მორალური მხარდაჭერით მიდგანან გვერდით და ძალიან მაიმედებენ.

დავრწმუნდი, რომ დანათესს აუცილებლად მოიმკი. შრომა გიფასდება. 

ახლა თავს უფლებას მივცემ, რომ ზღვის სანაპიროზე დავისვენო.

მყავს მშობლები, ძმა, რძალი და ძმისშვილები. გატაცებული ვარ ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე დაკვრით. ბოლო დროს, გამოცდების გამო ვერ ვიცლიდი დასაკრავად. ვიოლინო ჩემთვის განტვირთვაა, ჩემი ნაწილია. ვაპირებ კის ამერიკაში წაღებას. ბევრი ნივთია, რისი წაღებაც მინდა. დიდ ბარგს ჩავალაგებ და გავემგზავრები.

ვიცხოვრებ კამპუსში, სასწავლებლის საცხოვრებელში და მერე ვნახოთ. 

აი, ასე ავიხდინე ოცნება და მივემგზავრები ამერიკაში სასწავლებლად. ამერიკულ სამედიცინო პროტოკოლებზე ბევრი ინფორმაცია მქონდა და მხიბლავდა. რომ ვნახე, ჩემს მამიდაშვილს, ანიტა ლომიძეს ამერიკული პროტოკოლით როგორ მკურნალობდნენ, ამანაც გადამაწყვეტინა არჩევანი ამერიკულ სასწავლებელზე გამეკეთებინა.

ამერიკაში მიღებულ განათლებას ჩემს ქვეყანას მოვახმარ. ვფიქრობ, საქართველოს ბევრ სფეროში აკლია გამოცდილი და პროფესიონალი. ჩემს ქვეყანას აუცილებლად უნდა გამოვადგე.