VIDEO: ქართველი მომვლელისთვის დატოვებული ქონება - ერთ დღეში შეცვლილი ემიგრანტის ცხოვრება

qoneba

ქართველი დიასახლისის ლამარა ლომთაძის და ბერძენი ვარსკვლავის მერი ხრონოპულოას ურთიერთობაზე ბერძნული მედია საუბარს არ წყვეტს. მათი ისტორია 2001 წელს დაიწყო, როდესაც არტისტმა საბერძნეთში მყოფი ქართველი ქალი დიასახლისად აარჩია. თითქმის 20 წელი ლამარა ლომთაძე ცნობილ მსახიობს ერთგულად ემსახურებოდა. ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. განშორება უჭირდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ლამარა ლომთაძე ვარსკვლავს დაემშვიდობა და საქართველოში დაბრუნდა. 2 წლის შემდეგ, მერი ხრონოპულო გარდაიცვალა. ცნობილი მსახიობის მემკვიდრეთა სიაში ქართველი დამხმარეც აღმოჩნდა.

ამ ისტორიას არაერთი სატელევიზიო ეთერი მიეძღვნა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერი ხრონოპულომ ქართველ მომვლელს ერთ-ერთი სახლი და თანხა დაუტოვა. "კურიერი P.S- მა" ლამარა ლომთაძე მოძებნა, მან შეხვედრაზე უარი გვითხრა, სატელეფონო საუბრისას კი განმარტა, რომ მემკვიდრეთა ნუსხაში არის, თუმცა მსახიობმა მხოლოდ თანხა უანდერძა, რომელიც ჯერ არ მიუღია. ლამარა ლომთაძეს ბერძენ ვარსკვლავთან კავშირი არც საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაუწყვეტია.

ბერძენი კინოვარსკვლავი მერი ხრონოპულო, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 60-იან წლებში ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გამორჩეულ მსახიობად ითვლებოდა, რომელმაც ბერძნული კინემატოგრაფიის ოქროს ხანაში დიდ წარმატებას მიაღწია, ასრულებდა დრამატულ როლებს და მონაწილეობდა ცნობილ მიუზიკლებში. იყო კინოს საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულის და კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდოს მფლობელი.
მერი ხრონოპულომ მის საკუთრებაში არსებული 2 სახლი ბავშვთა სახლს დაუტოვა. ბერძნული წყაროების ინფორმაციით, ასობით ათას ევროდ არის შეფასებული მისი მოძრავი ქონებაც. ანდერძის დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა მისი შინაარსი მემკვიდრეებისთვის უკვე ცნობილია.

ბერძენი კინოვარსკვლავის გარდაცვალების შემდეგ, მისი ანდერძის და მემკვიდრეების შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მომზადდა. ბერძნულ ტელევიზიას ლამარა ლომთაძემ საქართველოდან ინტერვიუც მისცა.

ქართველი დამხმარის და ბერძენი მსახიობის მეგობრობის შესახებ მთელმა საბერძნეთმა იცის, ამ ისტორიით ამაყობენ ემიგრანტები, რომლებიც წლებია, საბერძნეთში მუშაობენ.

მერი ხრონოპულოს ანდერძის აღსრულება შესაძლოა დისტანციურად მოხერხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქართველი მემკვიდრე საბერძნეთში ჩასვლას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მიწას მიაბარეს დღეს თქვენი სხეული, ალბათ ძალიან შეგცივდათ...“ - შოთო სიხარულიძის სულისშემძვრელი პოსტი ბაღდათის ტრაგედიაზე

გაფრთხილება! ამ ქუჩებზე წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

12 თებერვლიდან ოკაცეს კანიონი დროებით დაიკეტება