სამედიცინო „სასწაული“ - ექსპერიმენტული თერაპიით, 3 წლის ბავშვს ღვიძლის კიბო სრულად გაუქრა

ბავშვი

სამედიცინო „სასწაული“ - ექსპერიმენტული თერაპიით 3 წლის ბავშვს ღვიძლის კიბო სრულად გაუქრა!  
ონკოლოგიაში ისტორიული მიღწევაა - ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, CAR T-ლიმფოციტური თერაპიის (CAR T cell therapy) სულ რაღაც ორმა დოზამ 3 წლის ბიჭი ღვიძლის აგრესიული, მეტასტაზური კიბოსგან (ჰეპატობლასტომა) სრულად განკურნა!

CAR T-თერაპია პაციენტის საკუთარი იმუნური უჯრედების გენურ მოდიფიცირებას გულისხმობს, რათა ისინი „სიმსივნის მტაცებლებად“ იქცნენ. აქამდე ეს მეთოდი ძირითადად სისხლის კიბოს დროს მუშაობდა, მაგრამ ამ შემთხვევამ დაამტკიცა, რომ მას მყარი სიმსივნეების დამარცხებაც შეუძლია!

როგორ მიაღწიეს ამ შედეგს?

მძიმე საწყისი მდგომარეობა: პაციენტს ღვიძლში 11 სმ-ზე დიდი მასა ჰქონდა, მეტასტაზებით ფილტვებში. ქიმიოთერაპიამ და რამდენიმე ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო - კიბო მაინც დაბრუნდა.

გენური ინჟინერია (GPC3-CAR): ბავშვს შეუყვანეს მისივე სხეულიდან აღებული და გენური ინჟინერიით მოდიფიცირებული T-ლიმფოციტები, რომლებიც სცნობდნენ ღვიძლის კიბოს ცილას (GPC3). გარდა ამისა, უჯრედებში ჩააშენეს ინტერლეიკინ-15 და 21, რამაც მათ სიცოცხლისუნარიანობა და საბრძოლო ძალა გაუზარდა.
მხოლოდ 2 დოზა: პირველი ინფუზიის შემდეგ სიმსივნე შემცირდა, ხოლო მეორე დოზიდან (8 კვირის შემდეგ) კიბოს კვალი სრულად გაქრა. 12 თვის შემდეგ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია!

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქიმიოთერაპიისადმი რეზისტენტულ მყარ სიმსივნეში CAR T-თერაპიით სრული და მდგრადი რეგრესი დაფიქსირდა, თანაც სისტემური ტოქსიკურობის გარეშე. კლინიკური ცდები (CARE და IMPACT) ამჟამადაც გრძელდება!